გია ვოლსკი ”თავისუფალი დემოკრატების” რომელიმე წევრის თანამდებობაზე დანიშვნას კატეგორიულად გამორიცხავს

გია ვოლსკი ”თავისუფალი დემოკრატების” რომელიმე წევრის თანამდებობაზე დანიშვნას კატეგორიულად გამორიცხავს

”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ”თავისუფალი დემოკრატების” რომელიმე წარმომადგენლის სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნას კატეგორიულად გამორიცხავს.

ვოლსკი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ვიქტორ დოლიძე შესაძლოა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწფიო მინისტრის პოსტზე დაინიშნოს.

როგორც ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ასეთი თემა საერთოდ არ განხილულა.

„ეს საკითხი არ განხილულა და ალბათ არც განიხილება. არ ვიცი ვინ შემოიტანა აღნიშნული საკითხი მედიასივრცეში. რაღაც სკანდალური თემის შემოტანას გავს. მე ერთხელ ვთქვი, რომ პარლამენტში კარგი თანამშრომლობა გვქონდა ვახტანგ ხმალაძესთან, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ასევე შევაქე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში თანამშრომლობის გამო ნოდარ ებანოიძე. ვიქტორ დოლიძესთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ძალიან პროდუქტიული იყო მასთან ერთად თანამშრომლობა საერთაშორისო საპარლამენტო სტრუქტურებში. შევაქე იგი როგორც გამოცდილი დიპლომატი და ადამიანი, რომელიც ჯერ ქვეყანაზე ფიქრობს და ამის შემდეგ პარტიულ შიდა ინტერესებზე. ეს არანაირად არ ნიშნავს რომელიმე კანდიდატურის განხილვას რაიმე სახელმწიფო თანამდებობაზე. ამის თაობაზე არავის არაფერი უთქვამს და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”, - განუცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, მით უფრო ამ კონტექსტში საუბარი არ ყოფილა ირაკლი ალასანიასა და ალექსანდრე პეტრიაშვილზე, რომელთა ხედვები და პოზიციები ”ქართული ოცნებისათვის” შეუსაბამოა.