ახალ პარლამენტს მუშაობის დაწყება სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შემთხვევაში შეუძლია

ახალ პარლამენტს მუშაობის დაწყება სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შემთხვევაში შეუძლია

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ პარლამენტი გვეყოლება ერთპარტიული, ცხადია, იქნება პოლიტიკურად კრიზისული ვითარება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, როგორც მან აღნიშნა, თუკი საკანონმდებლო ორგანოში ”ქართული ოცნება” 2/3-ით (მინიმუმ 100 მანდატი) შევა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბოიკოტირების შემთხვევაშიც კი, პარლამენტს ფუნქციონირების დაწყების უფლებამოსილება ექნება.

„ერთპარტიული პარლამენტის შემთხვევაში , ცხადია, პოლიტიკურად კრიზისული ვითარება შეიქმნება, თუმცა ეს იქნება იმგვარი ვითარება, როდესაც პარლამენტს კონსტიტუციურად და სამართლებრივად შეეძლება გააგრძელოს თავისუფლად ფუნქციონირება. ამ თვალსაზრისით, არაფერს წყვეტს პარლამენტში ”ნაციონალური მოძრაობის” შესვლა-არშესვლა”, - განაცხადა მენაბდემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობას, როგორც მენაბდემ განმარტა, მოცემულ ვითარებაში პრეზიდენტს არ აქვს უფლება საკანონმდებლო ორგანო დაითხოვოს.

”ეს ვითარება პრეზიდენტს არ აძლევს პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობას, თუ, რა თქმა უნდა, ხელოვნურად არ შექმნა კრიზისი ”ქართულმა ოცნებამ” და ხელოვნურად არ შექმნა ისეთი ვითარება, როდესაც პრეზიდენტს ექნება უფლება დაითხოვოს საკანონმდებლო ორგანო”, - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.