სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო, მე დავრჩები საქართველოს ჯარისკაცად

სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო, მე დავრჩები საქართველოს ჯარისკაცად

სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო, მე დავრჩები საქართველოს ჯარისკაცად, - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ისაუბრა.

ირაკლი ალსანიამ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და ის მიზეზებიც განმარტა, რამ გადააწყვეტინა პოლიტიკიდან წასვლა.

”მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც მხარი დამიჭირა, განსაკუთრებით მინდა მივმართო გორელებს, ქალაქმა, რომელმაც ძალიან კარგად მიმიღო და ადამიანებმა, რომლებმაც ჩემთან ერთად გაიარეს წინასაარჩევნო კამპანია. გორში იგეგმება მეორე ტური. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევაჩერო ჩემი კამპანია, იმიტომ, რომ იმ დაპირებების, იმ შეთავაზების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც ერთიანად უნდა ემუშავა პარლამენტში. შედეგი, რომელსაც მივაღწიეთ, ამ დანაპირების შესრულების შესაძლებლობას არ იძლევა. მადლობელი ვარ თითოეული ხმისთვის, სადაც არ უნდა ვიყო, მე ვუერთგულებ მათ ნდობას.

ვინაიდან მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას იმის, რომ მე და ჩემმა პარტიამ აქტიურად მოვახდინოთ გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება ვაკეთო ისეთი რამ, რითიც მე შევძლებ გვერდში დავუდგე ჩემს საზოგადოებას, ვაკეთო საინტერესო საქმე, რომლითაც ბევრად უფრო მეტს მოვუტან საქართველოსაც და იმ ამომრჩევლებსაც, ვინც მე მხარი დამიჭირა.

ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან. სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო, მე დავრჩები საქართველოს ჯარისკაცად. მე ვიქნები საერთაშორისო თუ ადგილზე პროცესებში ჩართული, იმ კუთხით რომ გვერდში ვედგე სახელმწიფოს, ჩემს ერს. მაგრამ არჩევანი, რომელიც გააკეთა საქართველოს საზოგადოებამ, მიუხედავად იმისა, რომ მე დიდ პატივს ვცემ, მე არ მჯერა ამ არჩევანის”, -განაცხადა ალასანიამ.