ირაკლი ალასანია:  პარტია „თავისუფალი დემოკარტები“ რეორგანიზაციასა და განახლებას იწყებს

ირაკლი ალასანია: პარტია „თავისუფალი დემოკარტები“ რეორგანიზაციასა და განახლებას იწყებს

პარტია „თავისუფალი დემოკარტები“ რეორგანიზაციასა და განახლებას იწყებს, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, პარტია ელოდებოდა არჩევნების შედეგების ძირთადი ნაწილის გამოქვეყნებას და იქამდე არ გააკეთეს განცხადება, ვიდრე ცესკოს მიერ წინასწარი შედეგები შეჯამება არ მოხდა.

ირაკლი ალასანიამ მთელ საქართველოში ყველა მხარდაჭერს, პარტიის ყველა წევრს დიდი მადლობა გადაუხადა.

„მადლობა იმისთვის, რომ „წლების განმავლობაში არ ვურიგდებოდით უსამართლობას, ვიყავით პრინციპების, ღირებულებების დამცველები და არასდროს დაგვიკარგია არც პოლიტიკური და არც ადამიანური სახე, მიუხედავად ბევრი სირთულისა, რომელიც 8 წლის განმავლობაში ერთად გავიარეთ. გვქონდა მარცხი, გვქონდა გამარჯვებები, მაგრამ ყოველთვის ვიდექით ერთად შეკრულები. ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი სახასიათო ნიშანი, რომლითაც „თავისუფალ დემოკრატებს“ სხვა პარტიებისგან გამოგვარჩევდა“, - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგი, რომელიც პარტიამ დაინახა, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ არის მოცემულობა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები, კომპეტენტური, პროფესიონალი ხალხის მიერ მომზადებული, რომლის განხორციელება ჩვენს ქვეყანას თვისობრივად ახალი ეტაპზე გადაიყვანს, მაგრამ სამწუხაროდ, იმ მოცემულობაში, იმ შედეგით, რომელიც დაიდო, ჩვენ ახლა ამის განხორციელების შესაძლებლობა არ გვექნება. რა თქმა უნდა, ყველას ერთად გასააზრებელი და გადასაფასებელი გვაქვს, ის თუ რატომ მივიღეთ ასეთი შედეგი. ჩვენ გავაანალიზებთ ამ შედეგებს, თუ რა შედეგი დავდეთ და რატომ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ შევუსლიყავით პარლამენტში. ამას აქვს თავისი მიზეზები, რომელსაც პირველ რიგში, თვითკრიტიკულად უნდა მივუდგეთ და დავიწყოთ სერიოზული რეორგანიზაცია, განახლება და დაგეგმვა ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენი მონაწილეობის. უახლოეს დღეებში ასეთი სამუშაო გვექნება ჩასატარებელი. ეს უკვე გააზრებულია, როგორ უნდა განხორციელდეს. მე უკვე მქონდა ჩემს თანამოაზრეებთან, პარტიის წევრებთან შეხვედრები და ჩვენ ბევრი რამ გვაქვს ერთობლივად გასააზრებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ „თვისუფალი დემოკრატები“ სერიოზულად მოვემზადებით და გავაგრძელებთ ბრძოლას ადგილობრივი და შემდეგომი არჩევნებისთვის“, - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, პარტია აგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას და ის „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარედ ფორმალობის დასრულებამდე რჩება, შემდეგ კი ალასანია პოლიტიკიდან მიდის.