არჩევნები შეიძლება შეფასდეს, როგორც შემდგარი, როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი

არჩევნები შეიძლება შეფასდეს, როგორც შემდგარი, როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი

საარჩევნო პროცესში ბევრი ხარვეზი იყო. იყო სერიოზული ხარვეზებიც. იყო დანაშაულის ნიშნებიც, რომელთა თაობაზე ჩვენ ვიხილავთ კომპეტენტური ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, ჩემი ღრმა რწმენით არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დადგეს საარჩევნო პროცესის ან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა ძირითადმა სუბიექტმა თავი გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

„8 ოქტომბრის არჩევნებიდან საკმაო დრო გავიდა, რომ ჩვენ შევძლოთ არჩევნების წინასწარი ტექნიკური და პოლიტიკური შედეგების შეჯამება. მე ვთვლი და ეს არის ძალიან სასიამოვნო, რომ 8 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების გაცილებით უკეთესი საშუალება, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნების დროს. ეს არის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებისთვის.

საარჩევნო პროცესში ბევრი ხარვეზი იყო. იყო სერიოზული ხარვეზებიც. იყო დანაშაულის ნიშნებიც, რომელთა თაობაზე ჩვენ ვიხილავთ კომპეტენტური ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, ჩემი ღრმა რწმენით არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ეჭვქვეშ დადგეს საარჩევნო პროცესის ან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა.  არჩევნები შედგა, არჩევნები დასასრულებელია, ვინაიდან უმეტეს მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურია ჩასატარებელი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა. შედეგად ჩვენ მივიღებთ ჩვენ ახალ პარლამენტს, ახალ პოლიტიკურ რეალობას და ახლა ამ მიმართულებით უნდა იყოს მეტი განსჯა და მეტი ანალიზი.

საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა ძირითადმა სუბიექტმა ძირითადად თავი გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ამიტომაც შეიძლება მთლიანად არჩევნები შეფასდეს როგორც შემდგარი, როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა ამ პროცესშიც ვისურვებდი ყოფილიყო მეტი ორგანიზებულობა და უკეთ გააზრება ჩვენ-ჩვენი როლების. ეს ჩვენ კიდევ უფრო წინ გადაგვადგმევინებდა ნაბიჯს და კიდევ უფრო უკეთესი შედეგი გვექნებოდა. ეს შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ეს შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, ეს შეეხება სოციოლოგიური კვლევების და ეგზიტპოლების ჩამტარებელ თუ შემკვეთ ადამიანებს და სხვა მნიშვნელოვან სუბიექტებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა,  საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში შეინიშნებოდა კვალიფიკაციის ნაკლებობა და ამან გარკვეული ხარვეზი უზრუნველყო განსაკუთრებით საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, შედეგების შეჯამებისასა და ოქმების გამოცხადებისას.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჩემთვის და მინდა, ყველამ ვიზრუნოთ, რომ არ განმეორდეს, როდესაც არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესში აშკარად იგრძნობოდა გარკვეული ფარული ხელი, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსახლეობას არჩევნების საბოლოო შედეგების თაობაზე ინფორმაცია მიგვეღო გარკვეული პროცესებით, რაღაც გარკვეული ლოგიკით. ეს დაუშვებელია და ვისურვებდი, რომ მსგავსი კითხვების დასმის საფუძველი არ გვქონდეს ჩვენ და საარჩევნო ადმინისტრაციას არ აინტერესებდეს, ვისთვის რა ციფრის ხილვა იქნებოდა უფრო სასურველი ტელეეკრანზე არჩევნების  დასაწყისში თუ არჩევნების ბოლოს. ეს ძალიან სერიოზული თემაა, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს.

სამწუხაროდ, ის ფარული ხელი, რომელზეც მოგახსენეთ, ჩვენ ადამ სმიტიდან მოყოლებული ვიცოდით, რომ  საბაზრო პროცესებს  არეგულირებდა ასეთი ხელი, თუმცა ჩვენ შემთხვევაში, პოლიტიკური პროცესების მარეგულირებლადაც გვევლინება ხოლმე.

სამწუხაროდ, ეს იყო გაგრძელება იმ ტენდენციების, რაც წინასაარჩვენო კამპანიის დროს ჩვენ მრავლად ვნახეთ. შემთხვევით სწორ დროს გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები, შემთხვევით სწორ დროს აღმოჩენილი იარაღის სამალავები და ასე შემდეგ. ასე შემთხვევით სწორად შერჩეული პირველი საუბნო კომისიის ოქმები, რომლებიც ვიღაც პარტიისთვის მაქსიმალურ შესაძლო შედეგს აჩვენებენ, სხვისთვის მინიმალურად შესაძლო. შემდგომ პროცესში ეს შედეგები რაღაც ლოგიკით მიდის იმ საზღვრამდე, სადაც დღეს მივედით. ამასობაში ეს შემთხვევით ემთხვევა ეგზიტპოლების მონაცემებს, რომლებმაც  საბოლოოდ ჩემი აზრით, დაამტკიცეს თავისი უსუსურობა და არაობიექტურობა. ვხედავთ პოლიტიკურ ძალები, რომლებიც მანიპულირებენ ამ იარაღით და ასე შემთხვევით ხდება, რომ ვიღაცის შედეგი მხოლოდ უკეთესობისკენ ან უარესობისკენ მიდის, როდესაც რეალობასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ხარვეზები გამოსასწორებელია, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიგვანიშნებს იმაზე, რომ თავად არჩევნები იყო არალეგიტიმური.

„მოქალაქეებს ჰქონდათ არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება. ვინ როგორ ისარგებლა, ვინ რამდენად გამოიყენა, ვინ რატომ დარჩა სახლში და არ მოვიდა, ეს უკვე თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის საკითხია და ამას ვერანაირი საარჩევნო ადმინისტრაცია და სხვა უწყებები ვერ მოუვლიან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა მედიის წარმომადგნელებს მადლობა გადაუხადა სერიოზული და ნაყოფიერი შრომისთვის.

„მედია წარმომადგენლებს მინდა მადლობა მოგახსენოთ, თქვენი ძალიან სერიოზული და ნაყოფიერი შრომისთვის. არა იმიტომ,  რომ ყოველთვის მეგონა, რომ მართალს მეუბნებოდით, სხვადასხვა ტელეეკრანს როდესაც  ვუცქერდი,  მაგრამ ვისაც მართვის პულტი ხელში გვქონდა და შეგვეძლო გადაგვერთო 3-4 ტელევიზიაზე ერთდროულად, ვიღებდით სრულ სურათს. ვისურვებდი, რომ მომავალ არჩევნებზე აღარ დამჭირდეს ასე სხვადასხვა ტელევიზიაზე გადართვა. ჩავრთო ერთი და ვნახო ობიექტური სურათი. თუმცა ესეც ჩვენი სამომავლო ამოცანაა და მე მგონი, ერთად უნდა მივაქციოთ ყურადღება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.