ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა.
აქედან გამომდინარე, ძაბირაძის აზრით, პირველი ორი საკითხი, რომელსაც „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის თვალსაზრისით განახორიცელებს, იქნება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა.
“როგორც მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა აჩვენა, იქაც დაპირისპირება თითქმის მთლიანად „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის არის. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ პროცესები არც მეორე ტურში შეიცვლება და შეიძლება მივიღოთ უპრეცედენტო ვითარება ჩვენს ისტორიაში, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს იგებს. იმ სქემამ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთობლივად წარმართეს წინასაარჩევნო პროცესში, ნამდვილად იმუშავა. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ „ქართულ ოცნებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებს. გამომდინარე აქედან, პირველი ორი საკითხი, რომელსაც „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის თვალსაზრისით განახორციელებს, იქნება პარლამენტის გადმოტანა თბილისში და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით, ანუ პარლამენტის მიერ არჩევა. არ ვიცი, ქორწინების საკითხს შეიტანენ თუ არა კონსტიტუციაში, მაგრამ ეს ორი ნამდვილად დაანონსებულია“, - განაცხადა ძაბირაძემ.