ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ვიცე პრეზიდენტის, ფედერიკა მოგერინისა და ევროკომისრის იოჰანეს ჰანის განცხადება ვრცელდება.
დიპლომატები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ არჩევნები კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარდა და ზოგადად, ადამიანის ძირითადი უფლებები იყო დაცული.
თუმცა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კამპანიისთვის დამახასიათებელ მშვიდ და ღია გარემოზე ზეგავლენა იქონიეს არაკანონიერი კამპანიის წარმოების შესახებ განცხადებებმა და ძალადობის ცალკეულმა შემთხვევებმა.
"არჩევნების დღე ზოგადად, წესრიგის დაცვით მიმდინარეობდა, თუმცა დღის განმავლობაში, დაძაბულობამ იმატა და რამდენიმე ძალისმიერ შეხლა–შემოხლას ჰქონდა ადგილი საარჩევნო უბნების სიახლოვეს და თვით საარჩევნო უბნებშიც. მაგრამ თითქმის ყველა აარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესი დადებითად შეფასდა. ნებისმიერი დარჩენილი ხარვეზი OSCE/ODIHR–ის რეკომენდაციების საფუძველზე უნდა აღოიფხვრას.
ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა მთელს პროცესს, ხმების ოფიციალური დათვლის პირველადი შედეგების ჩათვლით. არჩევნების მეორე რაუნდისთვის და მეორე რაუნდამდე დარჩენილ პერიოდში, ყველა პარტიამ და კანდიდატმა თავი უნდა შეიკავოს დაპირისპირებისა და ძალადობისგან, პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ პრინციპებსა და ქართველი ხალხის ნებას.
ევროკავშირი საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის ერთგული მხარდამჭერია. საარჩევნო პროცესის დასრულების შემდგომ, ჩვენ მზად ვიქნებით, ვიმუშავოთ დემოკარტიულად არჩეულ ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან მჭიდრო პოლიტიკური ეკონომიკური და ურთიერთობების განსამტკიცებლად, რომელიც ევროკავშირი–საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით აღებულ ურთიერთვალდებულებზეა დაფუძნებული. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ახალ პარლამენტში არჩეულმა ყველა წევრმა ერთად იმუშავოს საქართველოს ინტერესების საკეთილდღეოდ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც "პირველს" ევროკავშირმა მიაწოდა.