ქართველმა ხალხმა დიდი მზაობა გამოიჩინა საპარლამენტო არჩევნებში და გვინდა, მომწიფების ასეთივე დონე აჩვენოს არჩევნებში მონაწილე ყველა მხარემ, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, გულიელმო პიკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების კონკურენციის ელემენტი ნამდვილად სახეზე იყო და, საბოლოო ჯამში, გაიმართა არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა საკმაოდ დიდი მზაობა გამოიჩინა.
„ჩვენ, როგორც დამკვირვებლები, ვიმედოვნებდით, რომ ეს არჩევნები მშვიდად ჩაივლიდა, ამომრჩევლები უფრო მეტად იქნებოდნენ ფოკუსირებული შედეგებზე და არა თვითონ პროცესზე. ბევრი მხრივ ამ არჩევნებმა ჩვენი მოლოდინი დააკმაყოფილა, ამომრჩევლები უფრო მეტად ფოკუსირებულები იყვნენ საქართველოს მომავალზე. არჩევნების კონკურენციის ელემენტი ნამდვილად სახეზე იყო. ქართველმა ხალხმა საკმაოდ დიდი მზაობა გამოიჩინა საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ გვინდა, რომ მომწიფების ასეთივე დონე აჩვენოს არჩევნებში მონაწილე ყველა მხარემ“,-განაცხადა გულიელმო პიკმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, საერთაშორისო საზოგადოება დააკვირდება არჩევნების მეორე ტურსაც.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ იმედი გვაქვს, პოლიტიკური დაპირისპირება მეორე ტურში დარჩება პოლიტიკურ დონეზე. ველოდებით, რომ ახალი პარლამენტი როცა დაკომპლექტდება, ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მხოლოდ პოლიტიკის შესახებ და შეეშვებიან სპეკულაციებს. ჩვენ ვგმობთ იმ მოვლენებს, რომლებიც მოხდა წინასაარჩევნო პერიოდში. ამ არჩევნებით ხალხმა გაგვცა პასუხი და ჩვენ ამ პასუხს პატივი უნდა ვცეთ. საპარლამენტო ასამბლეის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს“,-აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა.