"8 ოქტომბრის არჩევნები წარმატებული იყო ქვეყნისთვის და ამომრჩევლის ნებას ასახავდა"

IRI საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოში არჩევნები ძირითადად მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა, იყო კარგად ადმინისტრირებული და ძირითადად, ქართველი ამომრჩევლის ნებას ასახავდა.

IRI-მ 8 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო პროცესის მხოლოდ ერთი ნაბიჯი, შემდგომ ნაბიჯს კი მეორე ტური მოიცავს.

 აქედან გამომდინარე, IRI მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, გადადგან თანმიმდევრული და მიზანმიმართული ნაბიჯები პირველი ტურის შემდეგ წარმოებულ პოლიტიკურ კამპანიაში.

 "შიდაპოლიტიკური დაძაბულობისა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებული მუდმივი ზეწოლის გათვალისწინებით, მისასალმებელი იყო ქართველების მონაწილეობა აღნიშნულ არჩევნებში, როგორც ამომრჩევლებად, ასევე კანდიდატებად და საარჩევნო მოხელეებად" , - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტმა მარკ გრინმა და გამოთქვა იმედი, რომ მსგავსი მიდგომა და ჩართულობა მომდევნო კვირების განმავლობაში შენარჩუნდება.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ არასრულყოფილი, თუმცა გაუმჯობესებული იყო საარჩევნო ადმინისტრაცია და პროცედურები.

რაც შეეხება დაფიქსირებულ ინციდენტებს, IRI-ს შეფასებით, ამან მშვიდობიანი საარჩევნო პროცესი დააზარალა.

"იმის ფონზე, როდესაც არჩევნები 4-თვიანი წინასაარჩევნო პერიოდის ჩათვლით, იყო უმეტესწილად მშვიდობიანი, რიგი შემაშფოთებელი ინციდენტები მაინც დაფიქსირდა. კერძოდ, არჩევნების დღეს საარჩევნო ძალადობა დაფიქსირდა მარნეულის ოლქში და შედარებით მცირე ინციდენტი ქუთაისში. ასევე, იყო შემთხვევა სამეგრელოს რეგიონში, რის შემდეგადაც გაუქმდა ჯიხაშკარისა და განმუხურის საარჩევნო უბნები" , - აცხადებენ IRI-ში და მოუწოდებენ სახელმწიფოს, სრულყოფილად გამოიძიონ ინციდენტები და დაისაჯონ დამნაშავეები.

 IRI-მ ასევე გამოთქვა წუხილი "უნდობლობის პრაქტიკასთან" დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი საფრთხეს უქმნის ქვეყანას დემოკრატიული განვითარების გზაზე. მარკ გრინის განცხადებით, IRI სადამკვირვებლო მისია მეორე ტურის ჩათვლით, არჩევნების სრულ პროცესს დააკვირდება.