"ნაადრევია იმის თქმა, შეძლებს თუ არა რომელიმე პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას"

იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ იმის პროგნოზირება, შეძლებს თუ არა მმართველი პარტია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლას, ნაადრევია.

ალაფიშვილის თქმით, ამის პროგნოზირება მხოლოდ ცესკო-ს მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შეიძლება და მით უმეტეს, თუ ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები დაინიშნა, იურისტი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში გაირკვევა.

"დღეს და მითუმეტეს, მხოლოდ პროპორციული შედეგების მიხედვით, არ შეგვიძლია, ვთქვათ პროცენტის მიხედვით, შეძლებს თუ არა რომელიმე პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას. საკონსტიტუციო უმრავლესობა იანგარიშება პარლამენტის მთლიანი შემადგენლობიდან, შესაბამისად, მაჟორიტარული არჩევნების შედეგების, გნებავთ მეორე ტურის, ან შედეგების გარეშე, მტკიცებით ფორმაში რაიმე დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თვითონ მმართველ პარტიაშიც არ გამორიცხავენ, რომ არაერთ ოლქში იქნება მეორე ტური. ყველაზე კარგი, დროული და სწორი იქნება ამ საკითხზე მსჯელობა მხოლოდ მას შემდგომ, რაც ცესკო შეაჯამებს შედეგებს", - განუცხადა ალაფიშვილმა "პირველს".

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსით და პარლამენტის რეგლამენტით, მას შემდეგ, რაც ცესკო, მინიმუმ, პარლამენტის წევრთა 2/3 რაოდენობის უფლებამოსილებას ცნობს, მხოლოდ ამის შემდგომ არის უფლებამოსილიო პარლამენტი შეიკრიბოს.

"ასე რომ, ყველაზე კარგი პერიოდი ამის შესაფასებლად, ცესკო-ს გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ტურები იქნება. დღეს რომ ვიმსჯელოთ, პროცენტები, რაც ცხადდება, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მხოლოდ 77 მანდატში, ვინ როგორ გადაინაწილებს. ოღონდ, 77 მანდატი თავისთავად არის პროპორციული, არ არის კონსტიტუციური უმრავლესობა, დანარჩენი 73 აირჩევა მაჟორიტარული წესით. არ მგონია, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა მმართველმა პარტიამ დამოუკიდებლად მოიპოვოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუ სხვა პარტიაც გადალახავს, ან მაჟორიტარული წესით სხვა დეპუტატებიც შევლენ პარლამენტში, მათთან ერთად მმართველმა პარტიამ არ სცადოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება", - აღნიშნა ალაფიშვილმა.