გიორგი მარგველაშვილი:   არჩევნების დღემ ჩაიარა მშვიდად

გიორგი მარგველაშვილი: არჩევნების დღემ ჩაიარა მშვიდად

არჩევნების დღემ ჩვენს ქვეყანაში, ერთი ორი გამონაკლისის გარდა ჩაიარა მშვიდად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმს გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართულ საზოგადოებას, არჩევნებში მონაწილეობისთვის.

„მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომელმაც აქტიურად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ 2 თვის განმავლობაში საზოგადოებას აქტიურობისკენ მოვუწოდებდით და ის პროცენტი, რაც დაჯდა მონაწილეობის არის მნიშვნელოვანი. თვითონ საარჩევნო გარემო, საარჩევნო პროცესი, რომელიც თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური არჩევნების პროცესი იყო მშვიდი, კონსტრუქციული რიგი გამონაკლისების გარდა, რომელიც საერთო ფონს არ ართულებდა და არ ცვლიდა. არჩევნების დღემაც ასევე მშვიდად ჩაიარა. ფაქტობრივად ერთი ორი გამონაკლისის გარდა, ჩვენ ქვეყანაში არჩევნების დღემ ჩაიარა მშვიდად“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ხმების დათვლის პროცესში გამოჩნდა რამდენიმე სერიოზული სამართალდარღვევა მათ შორის აგრესიული ქმედებები, რომლის გამოძიებაც დროულად უნდა მოხდეს.

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის მხოლოდ 8 ოქტომბრის არჩევნები. ეს არჩევნები შეფასდება და ყველას მიზანია, არჩევნები შეფასდეს როგორც მართლაც მაღალი სტანდარტის არჩევნები. ეს არჩევნები შეფასდება, როგორც 8 ოქტომბრით, ასევე რვა ოქტომბრის ექსცესებზე და ინციდენტებზე დროული რეაგირებით, ასევე იმით, რანაირად ჩვენ მივალთ არჩევნების მეორე ტურამდე და რანაირად ჩავატარებთ ამ მეორე ტურებს. მოლოდინი წინასწარი მონაცემებით, არის ის, რომ არაერთი მეორე ტური იქნება. კიდევ ერთხელ გთხოვთ, აქტიურები იყოთ მეორე ტურებზეც, ამომრჩეველმა აჩვენოს თავისი ინტერესი და ჩართულობა ამ პროცესში, როგორც ეს აჩვენა 8 ოქტომბერს. მოვუწოდებ შესაბამის სტრუქტურებს იმ დარღვევებზე, რაც განხორციელდა მოხადინონ დროული და პრინციული რეაგირება. ყველამ ერთად არ დავიშუროთ ძალისხმევა, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები შევიდეს საქართველოს ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხით და სტანდარტით ჩატარებული არჩევნები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.