საქართველოს მმართველი პარტია ლიდერობს საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლებში

საქართველოს მმართველი პარტია ლიდერობს საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლებში

მშვიდობიანი არჩევნები განამტკიცებს ქვეყნის, როგორც რეგიონში დემოკრატიის მედროშის სტატუსს.

ორი ეგზიტპოლის თანახმად, საქართველოს მმართველი პარტია ლიდერობს არჩევნებში, რომლებიც შაბათს, ზოგადად, მშვიდობიან გარემოში ჩატარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის, როგორც რეგიონში დემოკრატიის მედროშის სტატუსს.

საქართველო, თავისი სტრატეგიული მდებარეობით კავკასიაში, ნავთობისა და გაზის რესურსების მარშრუტის გაყოლებაზე, არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დასავლეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოკავშირე. ქვეყნის ტერიტორიების მეხუთედს, კერძოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს, 2008 წლის ხუთდღიანი ომის შემდეგ აკონტროლებს რუსეთი.

წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა იყო პაექრობა ბიძინა ივანიშვილს  და მიხეილ სააკაშვილს  შორის.

ეგზიტპოლების მონაცემების დადასტურების შემთხვევაში, რომლებშიც ლიდერობს ქართული ოცნება, ჩაიშლება ბატონი სააკაშვილის გეგმები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

შაბათს საღამოს ბატონმა ივანიშვილმა, რომელიც ოფიციალურად წავიდა პოლიტიკიდან ჯერ კიდევ 2013 წელს, მაგრამ დღესაც ბევრის მიერ განიხილება, როგორც მმართველი ქართული ოცნების რეალური მმართველი, მიულოცა თავის მხარდამჭერებს, მისივე თქმით, „დიდი გამარჯვება“.

ხსენებული ორი ეგზიტპოლის შედეგები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, როცა საქმე ეხება ივანიშვილის ქართული ოცნების პარტიისა და მეორე ადგილზე გასული მოწინააღმდეგის მონაცემთა შორის სხვაობას. მეორე მხრივ, ორივე ეგზიტპოლი, ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული რუსთავი 2-ის მიერ შეკვეთილი გამოკითხვის ჩათვლით, ადასტურებს, რომ არჩევნებში იგებს სწორედ ქართული ოცნება, როგორც ეს წინასაარჩევნო პერიოდში ივარაუდეს ანალიტიკოსებმა.

არჩევნების შედეგები, სავარაუდოდ, არ იქონიებს გავლენას საქართველოს პროდასავლურ საგარეო პოლიტიკაზე, რადგანაც როგორც ქართული ოცნება, ისე ნაციონალური მოძრაობა ემხრობა დასავლეთთან კავშირების განმტკიცებას. 2014 წელს თბილისმა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

დასავლელი დიპლომატები და ბევრი ქართველიც გამოთქვამენ იმედს, რომ თუკი დადასტურდა ქართული ოცნების გამარჯვება, როგორც ივანიშვილი, ისე სააკაშვილი დატოვებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას, რითაც დასრულდება კიდეც ეს მწვავე პირადი დაპირისპირება, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ქართულ პოლიტიკას 2012 წლიდან, როცა ივანიშვილმა დააარსა ქართული ოცნება სააკაშვილის ძალაუფლებიდან ჩამოშორების გაცხადებული მიზნით.

როგორც ჩანს, თავად სააკაშვილს გაუნელდა საქართველოში დაბრუნების სურვილი, რასაც ცხადყოფს უკრაინის ერთ-ერთი ტელევიზიისთვის გაკეთებული მისი განცხადება: „მე არ ვაპირებ უკრაინის დასახმარებლად ჩემი დიდი გეგმების მიტოვებას“, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება არჩევნები საქართველოში.

დამკვირვებელთა თანახმად, ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ვნებათაღელვის გათვალისწინებით, არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდა. ზოგადად, მშვიდობიანი არჩევნების დღის ფონზე გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს ინციდენტი თბილისის სამხრეთით მდებარე მარნეულში, სადაც მოქალაქეთა ჯგუფი შეეცადა საარჩევნო უბანზე შეჭრას.

„ჯერჯერობით არჩევნები უფრო მშვიდობიანად მიმდინარეობს, ვიდრე წარსულში, რაც დადებითი მოვლენაა“, - აცხადებს ჰანს გუტბორდი, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი კავკასიის საკითხებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ქართული ოცნების ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის თანახმად, ეს არჩევნები „კიდევ უფრო განამტკიცებს დემოკრატიას საქართველოში“.

პარლამენტის საბოლოოდ დაკომპლექტებას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება. 150 ადგილიდან 77 მანდატის ბედს გადაწყვეტს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები, ხოლო დანარჩენ 73 დეპუტატს აირჩევენ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმათა, სულ მცირე, 50 პროცენტს, დაინიშნება მეორე ტური.

https://www.ft.com/content/6d69b23c-8da6-11e6-a72e-b428cb934b78