მეორე ტურში,

მეორე ტურში, "ქართული ოცნება" მოიგებს

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, მეორე ტურში, "ქართული ოცნება" მოიგებს ყველა მაჟორიტარულ ოლქს.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე, "ქართულ ოცნებას" მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლოსებამ.

"წინასწარი მონაცემებით, ჩვენმა ოცზე მეტმა კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო მაჟორიტარულ არჩევნებში. პირველი ტურის შედეგები ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნება" მოიგებს ყველა მაჟორიტარულ ოლქს მეორე ტურში",- აცხადებს კობახიძე.

მისი შეფასებით, არჩევნები 3 600-ზე მეტ უბანში უპრეცედენტოდ მშვიდ ვითარებაში წარიმართა და მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ინციდენტები.

"მარნეულის ოლქში, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა სცადეს არჩევნების ჩაშლა, რა დროსაც ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჩვენს აქტივისტებს და პოლიციის თანამშრომლებს. ინციდენტის შედეგად, დაშავდა მარნეულის პოლიციის ხელმძღვანელი.

ჩვენ ვაფრთხილებდით საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომ "ნაცმოძრაობა" შეეცდებოდა, არჩევნმების დღეს ამგვარი პროვოკაციის მოწყობას, რათა ტელევიზიით წარმოეჩინა ხელოვნურად პროვოცირებული სცენები და ამით ჩრდილი მიეყენებინა საარჩევნო პროცესისთვის",- აღნიშნა კობახიძემ.