ასე თუ გაგრძელდა, ისეთ პროტესტს მიიღებენ, ფოიერვერკები გვერდზე  დარჩებათ

ასე თუ გაგრძელდა, ისეთ პროტესტს მიიღებენ, ფოიერვერკები გვერდზე დარჩებათ

„ნაციონალური მოძრაობა“ ეჭვობს, რომ ხელისუფლება და ცესკო კოორდინირებულად მოქმედებენ, რის გამოც ცესკო-ს ვებ-გვერდზე ოქმების ტვირთვა იგვიანებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე განაცხადა, ის გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, სანამ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრია, ფეივერკების მოწყობას თავი დაანებოს, ქვეყანაში წესრიგს მიხედოს, რათა ქვეყანაში ამომრჩევლის მიცემული ხმა ფეხქვეშ არ ითელებოდეს.

„ასე თუ გაგრძელდა, ისეთ პროტესტს  მიიღებენ, ფეივერკები გვერდზე  დარჩებათ. გიორგი კვირიკაშვილს მოვუწოდებ, უზრუნველყოს, რომ „ოცნების“ ჯგუფები ჩვენს ხმებს არ ლეწავდნენ. უბნებზე დაწყებულმა ხმების დათვლის პროცედურამ საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავებები გამოავლინა ეგზიტპოლების შედეგებთან მიმართებაში. სხვა ტელეარხების მიერ დადგმულ სამარცხვინო სპექტაკლს არ ვგულისხმობ.  ძალიან ბევრ უბანში დამაჯერებლად „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს და ამ წუთის მდგომარეობით, ძალიან სერიოზულად იბრძვის და გააჩნია შანსი არჩევნებში გამარჯვების. ამ დროს ხელისუფლება რას აკეთებს?  - ხელისუფლების მკაფიო სტრატეგია ჩანს იმაში, რომ უბნების დაზიანება და საარჩევნო ყუთების დაზიანება მოხდეს იქ, სადაც ისინი აგებენ“, - დასძინა ბაქრაძემ.

ბაქრაძის ცნობით, ბოლო 30 წუთის განმავლობაში, რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა უბნებზე შევარდნენ, ყუთები დააზიანეს და ამით იმ ხალხის ხმები დაკარგეს, ვინც იმ უბანზე ხმას აძლევდა.

„მსგავსი რამ მოხდა ჯიხაშკარის ორ საარჩევნო უბანზე,  სადაც საარჩევნო პროცესი ჩაშლილია და უბნების გაუქმება გახდება საჭირო. ქუთაისში, ავანგარდში, საარჩევნო უბანზე კობა ნარჩემაშვილის ძმა თანმხლებ პირებთან ერთად შევარდა, რომელიც ყუთის დაზიანება და არეულობას გეგმავდა. მომავალ წუთებში იგივე დარცხელსა და კორცხელში იგეგმება. ცესკო საკუთარ ვებ-გვერდზე შესაბამისი ოქმების ატვირთვას აგვიანებს. ხელისუფლებსი სტრატეგიაა, უბნები დაზიანოს და ვებ-გვერდზე ოქმები მანამდე არ ატვირთოს, სანამ იმ სამარცხვინო შედეგს არ მიუახლოვდენია, რომელიც რამდენიმე საათის წინ სამარცხვინოდ იზეიმეს. თამარ ჟვანიას მივმართავ, ოქმები ისე ატვირთოს, ეს  ეს როგორც აქამდე ხდებოდა. არცერთ არჩევნებზე ისეთი შემთხვევა არ მახსოვს, როცა ამ დროს ოქმები ცესკო-ს გვერდზე არ ყოფილიყოს. ეს კოორდინირებულ მოქმედებას ჰგავს. ხელისუფლება აზიანებს უბნებს, ცესკო ოქმებს არ ტვირთავს. მათ მოვუწოდებ, ქართველი ხალხის ნებით თამაში შეწყვიტონ, ნუ დათესავენ ქარს, მოიმკიან ქარიშხალს“, - აღნიშნა ბაქრაძემ.