ძალიან არ მომწონს ის შედეგი, რაც მივიღეთ, როცა ორ პარტიას შორის მოსაწყენი დისკუსიები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამომრჩეველმა სრულიად ადეკვატური არჩევანი გააკეთა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, გია იაკობაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.
“ვფიქრობ, ამომრჩევლის პოლიტიკური შეგნება გაცილებით მაღალია, ვიდრე - პოლიტიკური სპექტრის. „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ რომ გაერთიანებულიყვნენ, მათ ბარიერის გადალახვის შანსი ექნებოდათ. იგივე იქნებოდა ბურჯანაძის და ირმა ინაშვილის პარტიების შემთხვევაში. ასე რომ, ამომრჩეველმა ამ პატარ-პატარა დაქუცმაცებულ პარტიებს უარი უთხრა. უთხრა, რომ ჩამოყალიბდნენ, სერიოზული პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნან და არჩვენებზე ისე გავიდნენ”, - განაცხადა იაკობაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, 25 წლის განმავლობაში ჩვენ რაღაც-რაღაცები ვისწავლეთ.
“25 წლის განმავლობაში რაღაც-რაღაცები ვისწავლეთ და პოლიტიკოსებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭირა თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას. გარდა ამისა, საზოგადოებამ უარი უთხრა გაყალბებას, ომს, ძალადობას, ბიზნესის წართმევას და მედიის თავისუფლების შეზღუდვას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა. თუ პოლიტოლოგები, ფსიქოლოგები და ჟურნალისტები დაჯდებიან და ამ ყველაფერს შეაჯამებენ, ძალიან საინტერესო სურათს მიიღებენ. თუ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ამას გაითვალისწინებს, ძალიან კარგი, თუ არადა, 4 წლის შემდეგ დავჯდებით და ვილაპარაკებთ. თუმცა, თუ ამას არ გაითვალისწინებენ, შესაძლოა, მანამდეც ვილაპარაკოთ”, - განაცხადა გია იაკობაშვილმა.