ოპოზიციის სტრატეგიული შეცდომა ის იყო, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ ებრძოდნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაცვლებას არ ცდილობდნენ

ოპოზიციის სტრატეგიული შეცდომა ის იყო, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ ებრძოდნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაცვლებას არ ცდილობდნენ

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და 4 წლის განმავლობაში სპარინგპარტნიორად შეინარჩუნა ძალა, რომლის მხარდამჭერთა რაოდენობა შემოსაზღვრულია, - განაცხადა პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ გადაცემა 2030-ში.

„ეს დაახლოებით, 250 000 კაცია. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ამ ფარგლებში ტრიალებდა, ამ ფარგლებს ვერ გასცდა და ვერც გასცდება. თუ არჩევნებზე 2 მილიონი ამომრჩეველი მოვიდა, რა თქმა უნდა, ეს პროცენტი დაიწევს, მაგრამ ამომრჩეველი არ აქტიურობს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი თქმით,  დანარჩენი ოპოზიცია ძლიერ გუნდად ვერ ჩამოყალიბდა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაანაცვლებდა.

„ამდენი ხნის განმავლობაში ოპოზიციის სტრატეგიული  შეცდომა ის იყო, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ ებრძოდნენ, მათი სამიზნე ყოველთვის „ქართული ოცნება“ იყო და  და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაცვლებას არ ცდილობდნენ. ასეთ ტალღაზე მოსული ძალა, როგორ ტალღაზეც „ქართული ოცნება“ მოვიდა, რეიტინგს გარკვეულწილად კარგავს, მაგრამ არც ისე სწრაფად, რომ შენ პირველი ოთხი წელი მას ებრძოლო. სხვათა შორის, „პატრიოტთა ალიანსმა“ წარმატებებს მაშინ მიაღწია, როცა მათი მთავარი სამიზნე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. როცა საგარეჯოს არჩევნების შემდეგ „რესპუბლიკელებზე“ გადაერთვნენ, შეცდომა სწორედ აი იქ დაუშვეს და მათი რეიტინგის ზრდა შეჩერდა. სხვათა შორის, იგივე შეცდომა დაუშვეს „თავისუფალმა დემოკრატებმაც“.  „ქართული ოცნებიდან“ წასული ხმები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არასდროს წავა. ამის შანსი არ არსებობს“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არანაირი რევოლუციური განწყობა არ არის და რევოლუციას ვერავინ მოაწყობს.

„ამ ქვეყანაში არანაირი რევოლუციური განწყობა არ არის და ამას ვერავინ გააკეტებს, ვერც თარხან-მოურავი, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანაშიც რომ ჩამოვიდეს და არ დააპატიმრონ. ეს გამორიცხულია. „ნაციონალური მოძრაობის“ უდიდესი მიღწევა ისაა, რომ ისევ მთავარ ოპოზიციურ ძალად დარჩა. მეტს მათგან არც არავინ ელოდა“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.