ეს შედეგი, რომელიც კომპანია TNS-მა დადო, მოსალოდნელი, პროგნოზირებადი და აბსოლუტურად ლოგიკური იყო

ეს შედეგი, რომელიც კომპანია TNS-მა დადო, მოსალოდნელი, პროგნოზირებადი და აბსოლუტურად ლოგიკური იყო

აქამდე ჩატარებული ყველა კვლევა დაახლოებით, TNS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აჩვენებდა. თუმცა, ამ კვლევების გამოქვეყნებას უფრთხოდნენ, რადგან ეს შიდა კვლევები იყო ეს შეიძლებოდა, გარკვეული ბრალდებების საფუძველი გამხდარიყო, - ამის შესახებ სოციოლოგმა, ზურაბ ბიგვავამ გადაცემა 2030-ში განაცხადა.

„დინამიკა იმაზე მიუთითებდა, რომ პირველ და მეორე ადგილებს შორის ასეთი განსხვავება იქნებოდა. დანარჩენ პარტიებს დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ. თუმცა, შესაძლებელი იყო, მათ ბარიერი გადაელახათ. 6 საათის მონაცემებით, ბარიერი კიდევ ერთმა პარტიამ გადალახა და შანსი მეორე პარტიასაც აქვს. ასე რომ, ყველაფერი ლოგიკურია. ეს შედეგი, რომელიც კომპანია TNS-მა დადო, მოსალოდნელი,  პროგნოზირებადი და აბსოლუტურად ლოგიკური იყო. თუმცა, მე 19,5 %-ს არ ველოდებოდი. მითუმეტეს, ბოლო მოვლენების შემდეგ მეგონა, რომ მაქსიმუმი, რისი მიღწევაც მათ შეეძლოთ, 12% იყო“, - განაცხადა ბიგვავამ.

მისი თქმით, ადამიანებმა „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები დაინახეს, შეაფასეს და დღეს, მშვიდ ვითარებაში მხარი დაუჭირეს არა კონკრეტულ ადამიანებს, არამედ პრინციპებს.

„იმ განზრახვის გამო, რითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მას საზოგადოებაში საკმაოდ სერიოზული და მრავალრიცხოვანი მხარდაჭერი ჰყავდა. ეს მარტო საპროტესტოდ განწყობილი ელექტორატი არ იყო. ეს იყო ხალხი, რომელსაც კარგად ესმოდა, „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც სჩადიოდა. ოცნებამ ამ ადამიანებს გადარჩენა და თუ შეიძლება ასე ითქვას,  სახელმწიფო ადამიანური სახით შესთავაზა. ამ პარტიამ მოახერხა და ხალხს პირველი რიგის საჭიროებები დაუკმაყოფილა, მათ გადარჩენის საშუალება მისცა. „ქართული ოცნება“ ამის პროპაგანდას არ აკეთებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანებმა ეს ყველაფერი დაინახეს, შეაფასეს და დღეს, მშვიდ ვითარებაში მხარი დაუჭირეს არა კონკრეტულ ადამიანებს, არამედ პრინციპებს“, - განაცხადა ზურაბ ბიგვავამ.