ნაციონალები ხელისუფლებას მარნეულში სიტუაციის დეესკალაციისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას სთხოვს

ნაციონალები ხელისუფლებას მარნეულში სიტუაციის დეესკალაციისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას სთხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, მარნეულში, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა საარჩევნო უბანი დაარბიეს, ისროდნენ ქვებს და იყენებდნენ ხელკეტებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტუღუშმა განაცხადა, მარნეულში გატაცებულია საარჩევნო ყუთი, რომელცი არსებული ინფორმაციით, ის უბანზე არ დაბრუნებულა.

მისი შეფასებით, სამწუხაროდ, პოლიციამ ამ დარბევის პრევენცია ვერ მოახერხა და საკმაოდ არაფექტური იყო.

„თავიდან ინფორმაცია გვქონდა, რომ პოლიციის ნაწილმა უბანი დატოვა, რადგან თავდასხმელებს ვერ უმკლავდებოდა. როგორც ჩანს, „ოცნება“ არჩევნებს აგებს, რადგან ეს ძალადობა გამოწვეულია იმით, რომ გრძნობენ და ალბათ იციან, რომ არჩევნებს აგებენ. მარნეულში დაპირისპირებას წინ „ოცნების“ კანდიდატის თამაზ ნავერიანის ვიზიტები უსწრებდა როგორც ამ უბანზე, ასევე ჯანდარის ერთ-ერთ უბანზე, სადაც ხალხს ემუქრებოდა, რომ უბანს დაკეტავდა და ხალხს საკუთარი ნების გამოხატვის საშუალებას არ მისცემდა. შსს-ს წარმომადგენელს ვესაუბრე და მან აღმითქვა, რომ მობილიზებული იქნება დამატებითი ძალები, რათა დეესკალაცია მოხდეს და საარჩევნო პროცესი ნორმალურ ფარგლებს დაუბრუნდეს. მესმის, რომ არჩევნების წაგების ეშინიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავს ინციდენტებს ადგილი ჰქონდეს. ხმების დათვლა დაიწყება და ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა გაატაროს, რომ „ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ. იმედია, მოძალადეები კანონის წინაშე სათანადო პასუხს აგებენ“, - აღნიშნა ტუღუშმა.