სოფელ ყიზილაჯლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ვითარება დაძაბეს, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და სამართალდამცავებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს რომელიც ცდილობს, რომ ხელოვნურად შეიტანოს არეულობა საარჩევნო პროცესში და ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესს, რომ არ გაბედონ ასეთი რამის გაკეთება, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ თვალს მივადევნებთ ბოლომდე ამ პროცესს, რათა სათანადოდ დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც ცდილობს საარჩევნო პროცესებისთვის ჩრდილის მიყენებას და სამართალდარღვევის ჩადენას. ძალიან მკაცრად დაისჯებიან ისინი, ამას ჩვენ თვალყურს მივადევნებთ აუცილებლად”, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ახმედ იმამკულიევი და მისი მხარდამჭერები გეგმავენ სიტუაციის ხელოვნურად არევას მარნეულის შესაბამის ოლქში, ისინი ცდილობენ ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებას.
„ეს ხდება ამჟამად სოფელ ყიზილაჯლოში. კერძოდ, 48-ე 49-ე და 59-ე უბნებზე, სადაც მათი და ჩვენი წინასწარი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ და კერძოდ კანდიდატი იმამკულიევი აგებს არჩევნებს. ასამდე მხარდამჭერია შეკრებილი ამ უბნებზე და ისინი კიდევ ერთხელ ცდილობენ არეულობის პროვოცირებას. მოვუწოდებთ "ნაციონალურ მოძრაობის" აქტივისტებს, იმამკულიევს, მის მხარდამჭერებს, რომ ნუ მოაწყობენ არეულობას, ხელოვნურად ნუ შექმნიან დესტაბილიზაციას ამ კონკრეტულ სოფელში, ჩვენ მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ არ აყვნენ ისინი არც ერთ შემთხვევაში პროვოკაციას, ნურავითარ შემთხვევაში ნუ უპასუხებენ ძალადობას ძალადობით. ვთხოვ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ჩაერიონ ამ პროცესებში და უზრუნველყონ სიტუაციის განმუხტვა. ეს არის ჩვენი მოწოდება”, - განაცხადა კობახიძემ.