ბათუმში დავით ბერძენიშვილსა და რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება მოხდა

ბათუმში დავით ბერძენიშვილსა და რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება მოხდა

ბათუმში, 51-ე უბანთან „რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის პირველ ნომერს დავით ბერძენიშვილსა და რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება მოხდა.

დავით ბერძენიშვილი მანქანებში მსხდომ ადამიანებს ეკითხებოდა თუ რომელი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა მან პასუხი ვერ მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, უბანთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები სიებით არიან მობილიზებული, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ცუდი პრაქტიკის გადმონაშთია.

„ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა 51-ე უბანთან, ადამიანი გარდაიცვალა და მივედი. უბანთან წავაწყდი გაძეძგილ მანქანას, სადაც ისხდნენ ადამიანები ფურცლებით, მომარჯვებული მობილურებით, ხაჭაპურებით. მოკლედ, დიდი ხნით იყვნენ უბანთან დაბანაკებულნი. ეს ვითარებაა ბათუმის ყველა უბანზე. ამან გამახსენა 2010 წელი, როცა ფურცლებიანი ქალები მთელ თბილისში იყვნენ მოდებულები, კოორდინატორები გიგი უგულავას მხარდასაჭერად. მასშტაბი ნაკლებია ვიდრე იყო მაშინ, მაგრამ რა ცუდი პრაქტიკაც შემოიტანა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეინარჩუნა და იმეორებს „ქართული ოცნება“. ზოგ უბანთან არ მალავენ, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ზოგან უფრო აგრესიული არიან, ზოგან ნაკლებად. საინტერესო იყო 51-ე უბანთან, სადაც ცოცხალი თავით არ თქვეს რომელი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, მათ ესირცხვილებათ იმ პარტიის დასახელება, რომლის ინტერესებსაც იცავენ გასამსჯელოს ფასად“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

უბანთან მყოფმა მოქალაქეებმა ჟურნალისტებთან საუბარი არ მოისურვეს.