„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ტუღუშის ცნობით, პარტიის წარმომადგენელს მამუკა კურტანიძე საბურთალოს მე-6 ოლქის 48-ე უბანი იძულების წესით დაატოვებინეს, მოგვიანებით კი, მას მამასთან ირაკლი კურტანიძესთან ერთად თავს დაესხნენ.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტუღუშმა გამოკვეთილ დარღვევებზე ისაუბრა და „ოცნების“ მხარდამჭერებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
მისი ინფორმაციით, კურტანიძეებს თავს საკუთარ სახლთან დაესხნენ.
„ოთხი მანქანიდან დაახლოებით ოცი პირი გადმოვიდა და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე პოლიცია გამოვიძახეთ და იმედია, ამას რეაგირება მოჰყვება“, - დასძინა ტუღუშმა.
ტუღუშმა პრესკონფერენციაზე ლაგოდეხში ჩადენილ შესაძლო დარვევაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლაგოდეხის 26-უბნი მე-4 ოლქში, სოფელ მაწიმში, ამომრჩევლებმა საარჩევნო ბიულეტინში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვერ იპოვა.
„ამ უბანში მიტანილი იქნა დუშეთის კუთვნილი მაჟორიტარული ბიულეტინები. ეს ის ოლქია, სადაც კანდიდატი არ წარგვიდგენია და 38 ადამიანმა დუშეთის ბიულეტითნით ხმა ლაგოდეხში მისცა. ეს ის უბანია, რომელიც 2013 წელს მოვიგეთ და თვითმართველობის დროს კარგი შედეგი ვაჩვენეთ“, - დასძინა ტუღუშმა.