ჩვენი კომისიის წევრები და დამკვირვებლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოხდეს თითოეული დარღვევის აღრიცხვა

ჩვენი კომისიის წევრები და დამკვირვებლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოხდეს თითოეული დარღვევის აღრიცხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, არჩევნები დაიწყო რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევით და მთელ რიგ ოლქებში და უბნებზე საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციის აშკარა ნაკლებობა იკვეთება.

"პირველ რიგში, ხაზს გავუსვამ იმას, რომ საარჩევნო დილა დაიწყო რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევით მთელ რიგ უბნებზე. მათ შორის, ეს არის ის, რომ ბევრი საარჩევნო უბანი გაიხსნა დაგვიანებით. კომპეტენციის ნაკლებობა, რა თქმა უნდა, გამოწვეულია იმით, რომ თავის დროზე, როდესაც კომპლექტდებოდა საოლქო და საუბნო კომისიები, პრეფერენცია მიეცა არა ამ ადამიანების პროფესიონალიზმს, არამედ მათ პოლიტიკურ სიმპატიებს და უშუალოდ ეს კომისიები დაკომპლექტდა „ქართული ოცნების“ პრეფერენციების მიხედვით. ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი პრობლემა», - განაცხადა ტუღუშმა.

როგორც გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, სერიოზული დარღვევა მოხდა დიდუბის მე-15 უბანზე.

„დიდუბის ნომერ მე-15 უბანზე დაფიქსირებულ იქნა შემაჯამებელი ოქმი, რომლის დიდი ნაწილი იყო შევსებული და მასზე იყო ყველა ხელმოწერა უკვე კომისიის თავმჯდომარის და წევრების. ეს პრობლემა ადგილზე იქნა აღმოფხვრილი“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

მისი თქმით, ასევე, დილიდან რამდენიმე დარღვევა მოხდა რეგიონებშიც. როგორც მან აღნიშნა, დედოფლისწყაროში და ფოთში არ დაუშვეს „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები. დარღვევები იყო ნასაკირალშიც.

„გარდა ამისა, ხაზი მინდა გავუსვა იმას, „რომ ქართული ოცნების“ კოორდინატორები ნასაკირალში, ოზურგეთის რაიონის 60-ე უბანზე, უბნის შესასვლელ კარებთან ეწეოდნენ აგიტაციას. მას შემდეგ, რაც ჩვენმა წარმომადგენლებმა მიუთითეს ამ დარღვევაზე და სთხოვეს გასცლოდნენ იქაურობას, ადგილზე მოვიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუკვაძე, რომელიც ითხოვდა ამ ადამიანების უბნის შიგნით შეყვანას, რაც ასევე აღკვეთეს ჩვენმა კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა», - განაცხადა ტუღუშმა.

მისი თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა - ნინოწმინდაში, 26-ე უბანზე დაფიქსირდა. 4 პირი ხმას აძლევდა საარჩევნო კაბინის გარეთ, კომისიის თავმჯდომარის მაგიდაზე და ასევე ეწეოდნენ აგიტაციას უბანში „ქართული ოცბების“ სასარგებლოდ, რაც ასევე მოგვიანებით აღკვეთილ იქნა ჩვენი დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების მიერ.

„მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არის კიდევ მრავლობითი სხვა დარღვევები, რომლებზეც ახლა აქ არ ვისაუბრებ. თუმცა, ჩვენი კომისიის წევრები და დამკვირვებლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოხდეს თითოეული დარღვევის აღრიცხვა, დროული რეაგირება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფენ იმას, რომ ყველა მოქალაქის, ამომრჩევლის ხმა იქნას დაცული", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.