მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი აშშ-დან გაქცევას გეგმავს, რადგან მას სამშობლოში ექსტრადირება ემუქრება, - თურქულ სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა.
„არსებული სადაზვერვო მონაცემებით, FETÖ-ს წევრები ორგანიზაციის ლიდერისთვის შესაფერის ქვეყანას ეძებენ“, - განაცხადა მინისტრმა.
ფეთჰულა გიულენი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, თურქეთში, ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. თავად გიულენი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.
თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ გიულენის ექსტრადირების მოთხოვნით აშშ-ს ცოტა ხნის წინ მიმართა.