პრემიერი:  ტურიზმის განვითარების ფონდის მასშტაბურობაზე მეტყველებს საერთაშორისო აღიარება

პრემიერი: ტურიზმის განვითარების ფონდის მასშტაბურობაზე მეტყველებს საერთაშორისო აღიარება

საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა "საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფონდის მასშტაბურობასა და უმაღლეს სტანდარტებზე მეტყველებს საერთაშორისო აღიარება, რომელიც მისმა სამმა პროექტმა უკვე მოიპოვა "მარიოტის" საერთაშორისო ქსელის მხრიდან.

გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსების პროექტზეც ისაუბრა.

"თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით, თბილისში უკვე შენდება უმაღლესი კლასის, არქიტექტურულად უპრეცედენტო სამსაფეხუროვანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ კომპლექსებს თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს კომპლექსები და მათი კავშირი ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო გზით, ქმნიან იმ ახალ სავიზიტო ბარათს, რომელიც დედაქალაქის ტურიზმის განვითარების და ხარისხის ხვალინდელი დღე გახლავთ. თაბორის პროექტი, ეს არის 400 000 კვ.მ "ახალი ფილტვები" ქალაქისთვის (რეკრეაციული ზონა და გოლფის მოედნები). ასეთი ადგილი თბილისში არ არსებობს. შეიქმნება ტენდენცია სხვა მსგავსი პროექტების განვითარებისთვის. ამ კომპლექსების მშენებლობების პროცესში მთლიანობაში დასაქმდება 20 ათასზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2 500 ადამიანი", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სასტუმროების მართვის კომპანიას ასევე უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება რეგიონალური ტრენინგ-ცენტრების შექმნის კუთხით. კომპანია გადაამზადებს ადგილობრივ მოსახლეობას, აამაღლებს მათი კვალიფიკაციის დონეს, განავითარებს მომსახურების ინდუსტრიას რეგიონებში. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ტურიზმის განვითარების ფონდის მიმართულებები სრულად შეესაბამება მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის გეგმას.

"ფონდი აქცენტს გააკეთებს არამარტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის განვითარებაზე, არამედ ეკოლოგიაზე და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერაზე. ტურიზმის განვითარების ფონდის მიმართულებები სრულად შეესაბამება მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის გეგმას. ფონდი გამოთქვამს მზადყოფნას, განიხილოს საინვესტიციო პროექტები სახელმწიფო ხედვის და სივრცითი მოწყობის სტრატეგიიდან გამომდინარე. ფონდი ხელს შეუწყობს ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში.

ამის კარგი მაგალითია პროექტები განმუხურსა და შეკვეთილში. დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმის განვითარების ფონდი განსაკუთრებულ როლს შეასრულებს, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს სულ უფრო საინტერესო ტურისტებისთვისა და ინვესტორებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.