ბურჭულაძე მოვიდა, რომ საკუთარი იმიჯი გადაეხურდავებინა პოლიტიკურ კაპიტალში, შემდეგ კი, პოლიტიკური კაპიტალი - ფულში

ბურჭულაძე მოვიდა, რომ საკუთარი იმიჯი გადაეხურდავებინა პოლიტიკურ კაპიტალში, შემდეგ კი, პოლიტიკური კაპიტალი - ფულში

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძეს დავალიანებები როგორც ოფისებთან, ასევე კოორდინატორების ანაზღაურებასთან მიმართებაში აქვს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯაფარიძემ განაცხადა, ბურჭულაძე ამ დავალიანების გადახდას არ აპირებს.

”დავალიანება, როდესაც ბლოკში გავერთიანდით, ისედაც დაგვხვდა. ეს იყო დავალიანებები როგორც ოფისებთან, ისე კოორდინატორების სახელფასო ანაზღაურებასთან მიმართებაში. ჩვენ ვცადეთ რესურსების გაერთიანებით ეს საკითხი მოგვეგვარებინა, თუმცა შეუძლებელი იყო ამ დავალიანების მთლიანად გასტუმრება, მაგრამ ვეცადეთ მარტივი რაღაცების გაკეთება, მათ შორის იყო, რომ ჩვენ კოორდინატორებს მოკლებოდათ ხელფასი და გადანაწილებულიყო მათ კოორდინატორებზე. თუმცა, ჯამში, ვინაიდან ამ ადამიანს მთელი ფულის სახლში წაღება უნდა, არ აპირებს ამ დავალიანების გადახდას. ახლა რა ინფორმაციაც მაქვს, კოორდინატორებს ეუბნება, რომ არჩევნებს მოვიგებთ და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების შემდეგ გაგისტუმრებთო”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, „ბურჭულაძე მოხსნის ფულს და 8 ოქტომბრის შემდეგ გაქრება, როგორც ქართული პოლიტიკიდან, ასევე დიდი ალბათობით ქვეყნიდანაც წავა“.

”როდესაც ულტიმატუმი წამომიყენა, მაშინ გავარკვიე, რომ მას ჰქონდა თვეში შემოსავალი 60 000 ლარი. ეს ადამიანი პოლიტიკაში მოვიდა მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია გადაეხურდავებინა პოლიტიკურ კაპიტალში და შემდეგ ეს პოლიტიკური კაპიტალი გადაეხურდავებინა ფულში. ეს ადამიანი მოხსნის ამ ფულს და დარწმუნებული ვარ, 8 ოქტომბრის შემდეგ გაქრება როგორც ქართული პოლიტიკიდან, ასევე დიდი ალბათობით ამ ქვეყნიდანაც წავა. მეტი მიზანი ამ ადამიანს არ აქვს. მას არ აინტერესებს არც პარლამენტში მოღვაწეობა, არც რეფორმების გატარება. არაფერი მსგავსი მის თავში არ არის”, - განაცხადა ჯაფარიძემ.