3 ოქტომბერს, გურჯაანელებს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე ესტუმრა
და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის მხარდამჭერ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.
დავით ბაქრაძე, გურჯაანის კულტურის სახლში შეკრებილ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა. მან ხელისუფლების სამომავლო გეგმებზე და მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართული ოცნების წევრებს გვერდში დგომისთვის და დავით სონღულაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„მე დარწმუნებული ვარ, დათოს სახით გურჯაანის რაიონის ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში. ის არის წარმატებული და განათლებული ადამიანია, რომელიც საკუთარ ქვეყანას დღემდე მუხლჩაუხრელად ემსახურება. დათო იქნება შუამავალი თქვენსა და ხელისუფლებას შორის, და მიიტანს ყველა საკითხს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. გურჯაანის განსაკუთრებული პოტენციალის მქონე რაიონია, რომელიც სწორი მუშაობის შემთხვევაში სწრაფად განვითარდება. მე დარწმუნებული ვარ დათო პირველივე ტურში კომფორტულად გაიმარჯვებს და მჯერა მომდევნო 4 წელი საამაყო იქნება თითოეული ჩვენგანისთვის,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მომდევნო შეხვედრა მუნიციპალიტეტის სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებსა და სტუდენტებთან გაიმართა. მინისტრმა მათ განათლების მიმართულებით მთავრობის სამოქმედო გეგმა და სიახლეები გააცნო. ახალგაზრდებს მიაწოდეს სიახლეები გურჯაანში ტექნოპარკისა და ბურგუნდიის აგროტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფილიალის გახსნის შესახებ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ დირექტორი თინათინ ცერცვაძეც, რომელმაც გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტები გააცნო ახალგაზრდებს. უახლოეს პერიოდში ორგანიზაცია გეგმავს გურჯაანის მუნიციპალიტეტში დებატების კლუბების გახსნას, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ დებატების ხელოვნება და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ფორუმებში.
„ევროპასთან გაცვლითი პროგრამები უამრავია. მათი უმეტესობა ფინანსდება სხვადასხვა ფონდიდან და გურჯაანელ ახალგაზრდებს სრულიად უფასოდ მაღალი ხარისხის განათლების მიღება შეეძლებათ. მინისტრისა და ჩემი ძირითადი მოწოდება ახალგაზრდებისთვის, ცოდნის მაქსიმალური მიღება, საკუთარ თავთან მეტი მუშაობა და მათი პოტენციალის სწორი გამოყენება იყო. ჩემი გამოცდილებით, ჩემი და ჩემი მეგობრების კავშირებითა და ხელშეწყობით, დავეხმარები ახალგაზრდებს სწორად განსაზღვრონ ორიენტირები და მაღალი დონის განათლების მიღების შესაძლებლობა გამოიყენონ,“ - განცხადა გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა.
დავით სონღულაშვილმა და დავით ბაქრაძემ, სოფელ ბაკურციხეში მდებარე, დავით სარაჯიშვილის სახლ-მუზეუმიც მოინახულეს, რომლის რეაბილიტაციაც გასულ თვეს დასრულდა და ტურისტულ კომპლექსად გადაკეთდა. კომპლექსში განთავსებულია საუკუნეზე მეტი ხნის ღვინის მარანი, სასტუმრო 12 ნომრით, ღვინის სადეგუსტაციო დარბაზები და ბუნებრივი მაცივარი ღვინის შესანახად. ადმინისტრაცია მომავალი წლიდან თხის ყველის წარმოებასაც გეგმავს.
დღის ბოლოს, მინისტრმა და დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრები სოფელ ველისციხისა და ბაკურციხის მოსახლეობასთანაც გამართეს და გურჯაანის კულტურის სახლში, ა.გურგენიძის სახელობის ქორეუგრაფიული ანსამბლის კონცერტს დაესწრნენ.