დავით ჯანდიერი:   უნდა დასრულდეს ფულის ტომრებით არჩევნების ბედის გადაწყვეტა

დავით ჯანდიერი: უნდა დასრულდეს ფულის ტომრებით არჩევნების ბედის გადაწყვეტა

უნდა დასრულდეს ფულის ტომრებით არჩევნების ბედის გადაწყვეტა, - ამის შესახებ ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ჯანდიერმა რადიო ”პალიტრის” ეთერში, კოკა კვირკველიას გადაცემაში ”საღამოს თოქ-შოუ“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანი პარტიის ფინანსური მდგომარეობით და ცენტრალური ოფისის დატოვების მიზეზით დაინტერესდა.

დავით ჯანდიერის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მთელი ფინანსური რესურსი, რაც შეიძლება ჰქონოდა პარტიას, ისევე როგორც დაფინანსების ყველა ლეგალური წყარო, ყოფილიყო გადაკეტილი. აქედან გამომდინარე, ჯანდიერის თქმით, პარტიის ფინანსური მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა.

”პაატა ბურჭჲლაძეს შეხვედრები ჰქონდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩვენი პარტიის და შტაბის წევრებთან. ყველგან გამოხატავენ მხარდაჭერას და აცხადებენ, რომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გვერდში დაუდგნენ პარტიას. საქართველოში უნდა დასრულდეს ფულის ტომრებით არჩევნების ბედის გადაწყვეტა. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს და გვაქვს იმედი, რომ სერიოზულ შედეგს დავდებთ.

რაც შეეხება ოფისის დატოვებას, ცენტრალური ოფისი დავტოვეთ იმიტომ, რომ ფინანსური მდგომარეობა არ იყო სახარბიელო იჯარასთან დაკავშირებით. ამასთან, ჩვენ მივიღეთ წერილი, რომ 5 ოქტომბრამდე გადაგვეხადა დავალიანება, თუმცა უკვე ერთი კვირით ადრე აღარ ეძლეოდათ პარტიის თანამშრომლებს ოფისში შესვლის საშუალება. ჩვენ ვერ დავუშვებდით ამას და დავტოვეთ ოფისი. ამასთან ოფისი დავტოვეთ იმიტომ, რომ ზედმეტი დავალიანება აღარ გაგვჩენოდა,” - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

პაატა ბურჭულაძის პარტიას "სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიის ცენტრალური ოფისის ქირის გადაუხდელობაში ადანაშაულებენ. ამის გამო პარტიის წევრებს ნაქირავები ცენტრალური ოფისის დატოვება მოუხდათ.