პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების თემაზე საუბრობს და მას ამაზრზენს უწოდებს.
კობახიძე ეჭვობს, რომ არჩევნების წინ, აღნიშნული ჩანაწერი მიზანმიმართულად, სასამართლო ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება.
"ცუდი ფაქტია, როდესაც მოქმედი მოსამართლის საუბრის ფარულ ჩანაწერს განახორციელებ, მაგრამ უნდა დაისვას კითხვა: ვის ინტერესში შედის და რატომ უნდა მოხდეს ასეთი ჩანაწერის გამომზეურება?
ვფიქრობ, გამოძიება ყველა მიმართულებით უნდა წარიმართოს, ყველა კითხავს უნდა გაეცეს პასუხი. რა თქმა უნდა, არის ეჭვი, რომ ეს ხორციელდება ხელისუფლევბის დისკრედიტაციისთვის, იმის წარმოსაჩენად, რომ აი, ხელისუფლება უსმენს სასამართლოსაც.
არ არის გამორიცხული, ეს რომელიმე ფიგურანტს, ამ საუბრის მონაწილეს, არჩევნების წინ გამოექვეყნებინა, რომ ხელი გაიშვირონ "ქართული ოცნებისკენ" და კიდევ ერთხელ მოახდინონ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია",- განაცხადა კობახიძემ "პირველ პრესკლუბში".
მისი თქმით, ჩანაწერების გავრცელებით დაინტერესებულია ის მხარე, რომელსაც სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია სურს, "ქართული ოცნება" კი მოტივირებულია, რომ სასამართლო სისტემა იყოს თავისუფალი და საბოლოოდ გათავისუფლდეს "ნაციონალური მოძრაობის" გავლენებისგან.
ცნობისთვის, დღეს დილლით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა.