ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს შეხვდება

ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს შეხვდება

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს 19 ან 20 ოქტომბერს შეხვდება.

ამის შესახებ აბაშიძემ "პირველთან" საუბარში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ შეხვედრის თემა როგორც ყოველთვის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, ჰუმანიტარული თემატიკა, ტურიზმი იქნება.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს ბოლოს. 27 ივნისს პრაღაში შეხვდა ორ ქვეყანას შორის 2012 წლის ბოლოს დაწყებული ორმხრივი არაფორმალური დიალოგის ფარგლებში.

"მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რომ განაგრძონ პრაგმატული კურსი ორმხრივი ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზებისკენ", – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

"ამასთან ერთად, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ოფიციალური პირების მიერ გაჟღერებული არამეგობრული რიტორიკა, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში, ეწინააღმდეგება ობიექტურად ურთიერთხელსაყრელ პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ზურაბ აბაშიძემ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ მან 19 მაისს, საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი დააყენა. 

შეხვედრის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ "ზოგადად" გაიზიარა ის პოზიცია, რომ ეჭვმიტანილი უნდა დააკავონ და გაასამართლონ, თუმცა განაცხადა, რომ მკვლელობა კონკრეტული ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ჩადენილი დანაშაულია და "რუსეთის მხარეს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს".

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ასევე განიხილეს იმ საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, რომლებიც რუსეთში იხდიდნენ სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით.