ელისო კილაძე:  რამიშვილს უნდა ჰკითხოთ, რატომ მოვიდა ჩემთან

ელისო კილაძე: რამიშვილს უნდა ჰკითხოთ, რატომ მოვიდა ჩემთან

გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარ რედაქტორს, ელისო კილაძეს არ აქვს ვერსია, რატომ მივიდა შალვა რამიშვილი მასთან და არა პირდაპირ ნიკა გვარამიასთან.

კილაძე ადასტურებს, რომ შალვა რამიშვილმა გვარამიასთან შუამავლობა სთხოვა, რათა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებსა და ირაკლი რუხაძეზე გარკვეული მასალები გადაეცა.

"რამიშვილს უნდა ჰკითხოთ, რატომ მოვიდა ჩემთან. მე დავადასტურე გვარამიას განცხადება, დიახ, ნამდვილად იყო. ეს არის პერიოდი, როდესაც რამიშვილი "იმედიდან" გამოაგდეს. მან დამირეკა ტელეფონზე, მთხოვა შეხვედრა და მოვიდა "ქრონიკა პლუსის" ოფისში. ის მელაპარაკა იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რაც "იმედში" შეემთხვა. ამის შემდეგ, მთხოვა ნიკა გვარამიასთან კომუნიკაცია, რადგან მას ჰქონდა მასალები - დაკონკრეტებული იყო "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები და ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი, ირაკლი რუხაძე.

მისი თხოვნა გადავეცი გვარამიას და ჩემის მხრივ, რამდენადაც მე ვიყავი კომუნიკატორი, დამატებით ვთხოვე, სიფრთხილის ზომები გამოეჩინა, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, რომ რამიშვილი "რუსთავი 2"-თან მოლაპარაკებაზე ფარული კამერით არ მიდიოდა", - განაცხადა საუბრისას კილაძემ.

მისი განმარტებით, ამ საკითხის შესახებ, მისი და გვარამიას მიმოწერას გაასაჯაროვებს, თუ ამ უკანასკნელის თანხმობა იქნება.

შეგახსენებთ, რომ დღეს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ შალვა რამიშვილს მასთან კომუნიკაციისა და "რუსთავი 2"-თან თანამშრომლობის სურვილი ჰქონდა. გვარამიას თქმით, რამიშვილმა მასთან შეხვედრის ორგანიზება ჟურნალისტ, ელისო კილაძეს სთხოვა, თუმცა "რუსთავი 2"-მა შალვა რამიშვილთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.