თავიდანვე რომ მეთქვა ამას 4 წელი დაჭირდებოდა, ვერ გამიგებდნენ, საჩუქარი, რასაც ელოდნენ 2012 წელს, მიიღებენ ახლა - „ნაცებს“ ექნებათ თავისი ადგილი, ისინი ვეღარ “იბლატავებენ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი გავლენა და რესურსი აღარ დარჩა.
“გარედან მხარდაჭერა დაუმთავრდათ, საზოგადოებამ გარეთ და შიგნით მათი ხელწერა კარგად გაიცნო, ფინანსური რესურსზე წვდომა აღარ აქვთ და ბიზნესს ვეღარ აყაჩაღებენ. შესაბამისად, ყველა რესურსი ამოწურული აქვთ. 5-10-15 დეპუტატი დაჯდება პარლამენტში, უკაცრავად და “ცუციკებივით“ იქნებიან. არ ვამბობ, რომ ტოტალურად დავსაჯოთ, მაგრამ გამოძიება გრძელდება უამრავ საქმეზე. მუქარა არ მინდა. ძირითადი დასასჯელი ვინც იყო, ყველა დაისაჯა. 4 წელი სჭირდებოდა . ეს მშიშარა ხალხის გუნდია. „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი არის იქ, სადაც ეკუთვნის“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძარცვავდა ქვეყანას, მთელი საქართველო ციხედ იყო გადაქცეული.
„რაც გაკეთდა ამ 4 წლის განმავლობაში, ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქმევა და საკუთარი ადგილი ექნება. შეკითხვა მქონდა ტელევიზიის მხარდამჭერებზე ინტელიგენციასთან. კი ბატონო. ასეთი ტელევიზიაც უნდა იყოს, მაგრამ მას ეს სახელი უნდა ერქვას და არა ის, რომ ცდილობენ, თითქოს ბოლო ჭეშმარიტება და ეტალონია თავისუფალი მედიის“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
როგორც მან აღნიშნა, „ოცნებას“ ექნება ის ადგილი, რასაც საზოგადოება მიაკუთვნებს.
„მინდა, შევაქო საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს არ მოსწონდა კოჰაბიტაცია. ეს ხელწერა საზოგადოებამ გაიგო, გაითავისა და შედეგიც იქნება არჩევნებში. „ოცნებამ“ საოცრება - მოახერხა უფსკრულისკენ, ჯოჯოხეთისკენ მიმავალი ქვეყანა შეამოაბრუნა და დღეს ევროპულ ქვეყნებთან ვართ კონკურენციაში დემოკრატიულობის ხარისხით. „ნაციონალური მოძრაობა“ დაიჭერს იმ ადგილს, რასაც იმსახურებს, ეს ბობოქრობა ჩაქრება, ამ რესურსით ვეღარაფერს მოახერხებენ “,-განაცხადა ივანიშვილმა.