„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის ამომრჩევლებთან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში მოძალადე ხელისუფლებები ვერასდროს დაბრუნდებიან.
„ძალიან მიხარია, ამდენ გულანთებულ ადამიანს როცა ვხედავ, ამდენ თანამოაზრეს, მხარდამჭერს. მინდა, პირველ რიგში თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა მოგახსენოთ, უღრმესი მადლობა იმ ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 2011 წელს დავიწყეთ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს თუ რა მდგომარეობა იყო წლების განმავლობაში ქვეყანაში,როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ,როგორი ზეწოლა იყო ჩვენს მხარდამჭერებზე, თითოეულ ჩვენთაგანზე, ჩვენს ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე, მაგრამ ჩვენ ჩვენი ერთიანობით,ბრძოლით მოვახერხეთ მშვიდობინი გზით წარსულში ჩაგვებარებინა ეს ყველაფერი. ჩვენ, პარტია „ქართული ოცნება“, ჩვენი მხარდამჭერებით, ჩვენი ჯარისკაცებით, ვიძლევით პირობას, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება, ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან ის ხელისუფლებები, რომლებიც ძალადობდნენ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებზე“,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
კახი კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდისთვის დღეს მთავარი ამოცანა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებაა.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. რეალურად ქვეყანაში ერთადერთი ძალა, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი გახლავთ პარტია „ქართული ოცნება“, ვისაც აქვს რეალურად შესაძლებლობები იმისა, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს და ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა”,-აღნიშნა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.
კალაძემ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და საბურთალოს ამომრჩეველს საკუთარი ნების გამოხატვისკენ მოუწოდა.
„მინდა, ვთხოვო თითოეულ თქვენთაგანს, რომ 8 ოქტომბერს მოვკიდოთ ხელი ჩვენს ოჯახის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს ,ნათესავებს და საარჩევნო ყუთებთან მისვლით, ჩვენი აზრის დაფიქსირებით მივიღოთ გადაწყვეტილება თუ ვინ უნდა იყოს ხვალ ქვეყნის ხელისუფლებაში , ვის უნდა ვანდოთ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი შვილების მომავალი და მე დარწმუნებული ვარ ეს გადაწყვეტილება იქნება თავისუფლება, თავისუფლების განმტკიცება, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ თითოეულ თქვენთაგანს და დაგარწმუნოთ იმაში, რომ 8 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს თქვენი სიმტკიცე , ის ემოციები, რომელიც თითოეულ თქვენთაგანშია , ის ემოციები რომლებიც თითოეულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეშია და ბოლოს მე მინდა გითხრათ, რომ 8 ოქტომბერს პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება არ ნიშნავს მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვებას , ჩვენი თანამოაზრეების გამარჯვებას, ეს არის სრულიად საქართველოს გამარჯვება, ეს იქნება იმ დემოკრატიული გზის გამარჯვება რომელიც ჩვენ 2012 წელს დავიწყეთ ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას მოძალადეებს, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რადგან ყველას კარგად გვახსოვს თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში, მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ თითოეულ თქვენთაგანს, და მინდა, რომ ხვალინდელი დღე რომელიც გვითენდება იყოს ყოველთვის ბედნიერი, იყოს ყოველთვის ბედნიერი თითოეული თქვენთაგანისთვის“,- აღნიშნა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.