პედაგოგებისთვის საგნის გამოცდა შენარჩუნდება, ოღონდ აღარ ექნება ბარიერი

პედაგოგებისთვის საგნის გამოცდა შენარჩუნდება, ოღონდ აღარ ექნება ბარიერი

არ შეიძლება მასწავლებლის გამოცდა, ის გამოსცადა ცხოვრებამ, ათასმა უკუღმართობამ და სირთულემ, -  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ამის შესახებ საგამოფენო ცენტრ ”ექსპო ჯორჯიაში”, პედაგოგებთან შეხვედრისას გააკეთა.

„კვალიფიკაციას დადასტურება და ამაღლება სჭირდება, მაგრამ მრცხვენია, გამოვცადო ადამიანი, რომელიც 30-წელია, ასწავლის. არ შეიძლება მასწავლებლის გამოცდა, რადგან იგი გამოსცადა ცხოვრებამ, ათასმა უკუღმართობამ და სირთულემ. ჩვენ შეგვიძლია, მას მხოლოდ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ”, - ჯეჯელავას ამ განცხადებას შეხვედრაში მონაწილე პედაგოგები ტაშით შეხვდნენ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, სიტყვები  - გამოცდა, შეფასება, ბარიერი უნდა შეიცვალოს.

”პედაგოგებისთვის საგნის გამოცდა აუცილებლად შენარჩუნდება, ოღონდ მას აღარ ექნება ბარიერი. ყველა გავა საგნის გამოცდაზე, რა ქულებსაც მიიღებს, იმ ქულების შესაბამისი კრედიტები მოხვდება მის ყულაბაში. გავიდა, ვერ გავიდა, ჩაიჭრა, გადაიჭრა - ამას ვანებებთ თავს.

პედაგოგიური უნარების გამოცდა, რომელიც თქვენ გახსოვთ, იყო რაღაც ეტაპზე, დაბრუნდება და ისიც იქნება უბარიერო გამოცდა. ყველა გავა გამოცდაზე, შეაფასოს თავისი უნარები და შესაძლებლობები. ამის გარდა, ვაპირებთ 5-6 ახალი კომპონენტი შემოვიტანოთ სქემაში. მე ვფიქრობ, ერთ თვეში თქვენ წერილობით ნახავთ ამ სქემას”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგობეს 2 ოქტომბერს შეხდნენ.