თქვენი ჩართულობის გარეშე ნაბიჯი არ იქნება გადადგმული განათლების პოლიტიკის და განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებს, რომლებსაც დღეს განათლების მინისტრთან, ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად შეხვდა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ განათლების ხარისხი აიწიოს.
„ჩვენი ყველა ამ ნაბიჯის შედეგად ჩვენ უნდა მივიღოთ, ის რომ ხარისხი ავწიოთ განათლების, მივეხმაროთ პედაგოგებს მომზადებაში, გადამზადებაში. მინდა ვთქვა და გავიმეორო მინისტრის ნათქვამი, ჩვენ არ უნდა გავხადოთ გამოცდები სადამსჯელო მექანიზმი და ტესტირებები პედაგოგებისთვის, პირიქით პედაგოგს უნდა ეხალისებოდეს შემდგომ დადასტურება თავისი ამაღლებული კვალიფიკაციის და არა ის, რომ შიშით ელოდებოდეს ამას. ეს მართლა ასე იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ.მასწავლებლის პროფესია, როგორც ერთ-ერთი ცენტრალური, სტრატეგიული და ქვეყნის მომავლი განმსაზღვრელი პროფესია უნდა გავხადოთ ყველაზე საამაყო და ყველაზე პრესტიჟული. ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამას აუცილებლად მივაღწევთ. სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება დარჩება ჩვენს პრიორიტეტად. უნდა ვთქვა, რომ 1600-მდე საჯარო სკოლა აღვადგინეთ“,- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, 10 ახალი სკოლა დასრულების ეტაპზეა და 10 უკვე გაიხსნა.
„ამერიკის მთავრობის თანადგომით მომდევნო 4 წლის მანძილზე ასამდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება და სკოლების აღჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. 12 ასეთი ლაბორატორია უკვე დასრულებულია, რაც ძალიან მახარებს. ყველზე მთავარი რაც მინდა რომ გითხრათ არის ის, რომ დაგიდასტუროთ კიდევ ერთხელ უდიდესი პატივისცემა. მინდა გითხრათ, რომ თქვენი ჩართულობის გარეშე ნაბიჯი არ იქნება გადადგმული განათლების, პოლიტიკის და განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით. ეს არის ჩვენი მთავარი გზავინილი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა