ჩვენ დღეს ვართ ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში და უმთავრესი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ აღარ გვინდა, სიტყვა რეფორმა სადამსჯელო სიტყვად იქცეს. გვინდა, ეს სიტყვა იყოს დადებით, ისეთ ცვლილებებთან ასოცირებული, რომელიც თქვენს მიერ იქნება უპირველეს ყოვლისა მოწოდებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ 4 წლის წინ მიზნად დაისახა, რომ განათლების ხარისხი ამაღლებულიყო.
„ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ განათლებაში ხარისხი აგვეწია, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მომზადება დაგვეყენებინა უპირველეს პრიორიტეტად. ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გაზიარება და მოქალაქედ ჩამოყალიბება დავისახეთ მიზნად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ აბსოლუტურად ვაცნობიერებთ, რომ სკოლის ასაკიდანვე უნდა დაიწყოს ყველაფერ ამაზე საუბარი. ჩვენ გავზარდეთ დაფინანსება მნიშვნელოვნად. მარტო ზოგადი განათლების მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 348 მილიონი ლარით გაიზარდა სკოლების დაფინანსება. დაფინანსების ზრდამ 94%-ს გადააჭარბა და 2016 წელს ამ მიმართულებით 572 მილიონი ლარი შეადგინა. კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც სიტყვით და ასევე საქმით, განათლების დაფინანსება გახდება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, იგეგმება პედაგოგების ხელფასების ზრდა და 2017 წლიდან საშუალო ხელფასი ხდება 800 ლარი.