განათლების სისტემის დეპოლიტიზება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მხრივ ჩემთვის ყველაზე მისაღები მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელვას პოზიციაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ, რომ განათლება წინ წამოწეულიყო და კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვაპირებთ მომავალი წლების განმავლობში. თავშივე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სისტემის დეპოლიტიზება. ალექსანდრე ჯეჯელავას დიდი ხანია, ვიცნობ, ორივეს კომაროვის სკოლა გვაქვს დამთავრებული, არ გამიგოთ ისე, რომ ვიწრო პატრიოტული დამოკიდებულება მაქვს, თუმცა ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. როცა ჯეჯელავას შევთავაზე განათლების მინისტრობა, მან მითხრა - კარგად გიცნობ, ძალიან მომწონს ის ხაზი, რომელსაც შენ და მთავრობა ატარებთო, მაგრამ ერთი რამე მინდა თავშვე გითხრა, ჩემგან ნუ გექნება მოლოდინი იმისა, რომ გავპარტიულდები და პარტიულ მიმართულებას მივცემ განათლების მინისტრობის დროს ჩემს მუშაობასო. მაშინვე დავთანხმდი და მაშინვე ვუთხარი, რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე მისაღები, რომ არ შეიძლება სკოლებში, უნივერსიტეტებში დავაზომბიროთ ხალხი, ერთი მიმართულებით წავიყვანოთ მათი აზროვნება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მოქალაქეობრივი პოზიცა ყველას აქვს, მაგრამ უმთავრესი მიმართულებაა, ვინაიდან საქართველოში პოლიტიკა ჯერ კიდევ დაპირპისპირებასთან,, კონფრონტაცაისთან ასოცირდება, მოვაშოროთ პოლიტიკა რაც შეიძლება მაქსიმალურად სკოლას და განათლების სისტემას.
„ძალიან გულახდილად გეუბნებით ამას. მე ვიცი, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ მე არ მეშინია ამის თქმა, რადგან ჩვენი სიძლიერე ამაში უნდა იყოს. ჩვენი სიძლიერე უნდა იყოს იმაში, რომ მაქსიმალურად შევძლოთ ფოკუსირება განათლებაზე და განათლების ხარისხზე“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.