საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ახალი მოსამართლის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა ფიცი დადეს და უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არიან.
"გერქვას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, არის ძალიან პრესტიჟული, თუმცა ამავდროულად, არის დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთი. ფიცი, რომელიც დადეთ, თამასას წევს მაღლა, არ დაემორჩილოს არავის და არაფერს გარდა კონსტიტუციისა. მოსამართლეობა იყო ყველაზე მძიმე ტვირთი, ყველა დროში და ადამიანები, რომლლებიც ემსახურებიან სიმართლეს, მათი ბედი ყოველთვის მძიმეა" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ძალიან რთულია, იყო მოსამართლე. მპრეზიდენტმა, როგორც პოლიტიკოსმა და, როგორც მოქალაქემ თანადგომა გამოუცხადა ახალ მოსამართლეებს რთული გზის გავლის დროს.
"ყოველთვის იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვს თავისი სიმართლე და პოლიტიკური დღის წესრიგი. შეიძლება იყოს ძლიერი ამა ქვეყნისა ან საზოგადოებრივი აზრი, რომელსაც თავისი ხედვა აქვს, ამიტომ ამ გამოწვევების გამკლავება ურთულესია. გაუძლო ძალადობას, შანტაჟს, მოსყიდვას და საზოგადოებრივი აზრის შენს წინააღმდეგ მომართვას, ძალიან რთულია. ცოტაა ერში ასეთი ადამიანი, ვისაც ამ ტვირთვის მართვა შეუძლია", - განაცხადა მარგველაშვილმა.
ფიცის დადების ცერემონიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაესრნენ.