საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს. სამი ახლად განწესებული მოსამართლის მიერ დღეს ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, დღის წესრიგში დადგება ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ განმარტა, ახალი თავმჯდომარის არჩევა მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში უნდა განხორციელდეს. პროცედურულად, თავმჯდომარეობის კანდიდატად წარდგენას პლენუმის სამი წევრის მხარდაჭერა სჭირდება, ხოლო მოსამართლედ დამტკიცებას მინიმუმ ხუთი მოსამართლის თანხმობა.
„მას შემდეგ, რაც 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა, მის მოვალეობას, სანამ ახალი თავმჯდომარე აირჩევა, ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე, მოსამართლე ზაზა თავაძე. ერთი თვის ვადა არის მაქსიმუმი, როცა უნდა აირჩეს ახალი თავმჯდომარე. მინიმუმ 5 წევრის თანხმობაა საჭირო, რომ კანდიდატი თავმჯდომარე აირჩეს“, - აღნიშნა გიორგი ლომთაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს დღეიდან 8 მოსამართლე ეყოლება, რადგან პარლამენტის კვოტით დასანიშნი მოსამართლე ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა აირჩიოს. გიორგი ლომთაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი 8 მოსამართლის ხმა თანაბრად გადანაწილდება, თავმჯდომარის მოვალეობას პლენუმის მეცხრე წევრის არჩევამდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს.
დღეს 14:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ახალი მოსამართლის ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.