ვფიქრობ,თემურ ტუღუში ძალიან დაეხმარება საკონსტიტუციო სასამართლოს, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნულ თემურ ტუღუშთან დაკავშირებით.
როგორც ნინო გვენეტაძემ განაცხადა, თემურ ტუღუშს პირადად იცნობდა თუ არა ეს გადამწყვეტი არ არის, მნიშვნელოვანია, რომ ის მაღალკვალიფიციური კადრია და დაეხმარება საკონსტიტუციო სასამართლოს.
„თემურ ტუღუში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში. ის არის ერთ-ერთი ერთგული და კვალიფიციური თანამშრომელი, რომელიც ამ ხნის მანძილზე საქმის კურსშია არა მხოლოდ ტექნიკური და ორგანიზაციული ასპექტების მხრივ, არამედ ის უშუალოდ მონაწილეობას იღებდა სასამართლო გადაწყვეტილებების პროექტების შექმნაში. მე პირადად ვიცნობდი თუ არა, არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტი არის ის, რომ ამ კანდიდატურის დაყენების დროს ბევრი კონსულტაცია მქონდა და ძალიან ვამაყობ და მადლიერი ვარ იმისა, რომ სასამართლოს ჰყავს ისეთი კანდიდატურა, რომელმაც იცის კონსტიტუციური სამართალწარმოების ყველა დეტალი, ტექნიკური, ორგანიზაციული მხარე და ვფიქრობ, ის ძალიან დაეხმარება საკონსტიტუციო სასამართლოს. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც მაღალკვალიფიციური კადრი“, - აღნიშნა გვენეტაძემ.
ნინო გვენეტაძის განმარტებით,მათი ინტერესია მაღალკვალიფიციური კადრი საქმიანობდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.
„ის მითქმა-მოთქმები, რომელიც ამ პროცესს სდევდა ჩვენ უზენაესი სასამართლოს პლენუმის ჩატარების მსვლელობაშიც უარვყავით. ბატონ თემურს და კოლეგებს, პლენუმის წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა ძალიან ღიად მოესმინათ ბატონი თემურის მოსაზრება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში არსებობს. ყოველგვარი კითხვები და ეჭვები, რომელიც სხვადასხვა საკითხებს უკავშირდებოდა, ბატონი თემურის გამოსვლით ნამდვილად იქნა უარყოფილი. ბატონ თემურს ვუსურვებ წარმატებას, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან საქართველოს მართლმსაჯულებას აქვს ბმა კონსტიტუციური სარჩელების, ბევრი საკითხის გადაწყვეტის დროს და ჩვენი ინტერესია მაღალკვალიფიციური კადრი საქმიანობდეს იქ“, - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ახალი მოსამართლის ფიცის დადების ღონისძიება გაიმართება.