საქართველოს ისტორია ძველი წიგნივითაა, რომლის ყოველი გვერდიც მოგვითხრობს წმიდა მოწმეებზე და ქრისტიანულ ფასეულობებზე

საქართველოს ისტორია ძველი წიგნივითაა, რომლის ყოველი გვერდიც მოგვითხრობს წმიდა მოწმეებზე და ქრისტიანულ ფასეულობებზე

ეს დიდებული საკათედრო ტაძარი, რწმენისეული და ისტორიული საგანძურის შემომნახველი, წარსულის გახსენებისკენ გვიხმობს. ეს აუცილებელია, რადგან “ერის დაცემა იწყება იქ, სადაც მთავრდება წარსულის ხსოვნა”, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ გუშინ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა.

რომის პაპმა ისაუბრა საქართველოს ისტორიაზე და ქრისტიანულ ფასეულობებზე.

”საქართველოს ისტორია ძველი წიგნივითაა, რომლის ყოველი გვერდიც მოგვითხრობს წმიდა მოწმეებზე და ქრისტიანულ ფასეულობებზე, რომლებმაც განმსჭვალეს ერის სული და ჩამოაყალიბეს მისი კულტურა. ამასთან, ეს ძვირფასი წიგნი გვიამბობს გახსნილობის, მიღებისა და ინტეგრაციის ნათელ მაგალითებზე. ეს ფასეულობანი ძვირფასი და მარად ღირებულია ამ მიწისთვის და მთელი რეგიონისთვის, საუნჯეა, გამომხატველი ქრისტიანული თვითშეგნებისა, რომელიც ასეთად მაშინ რჩება, როცა მყარად ეფუძნება რწმენას და, იმავდროულად, ყოველთვის ღიაა ურთიერთობისთვის, არასოდესაა ხისტი და ჩაკეტილი. ეს წმიდა ადგილი შეგვახსენებს, რომ ქრისტიანული სახარება საუკუნეების მანძილზე დედაბოძად ედგა ქართულ მეობას, არეულობის დროს მდგრადობას უნარჩუნებდა მას, მაშინაც კი, როცა, სამწუხაროდ და არცთუ იშვიათად, ქვეყანა ყველასგან მიტოვებული და ბედის ანაბრად იყო დარჩენილი. მაგრამ, უფალს არასოდეს მიუტოვებია ძვირფასი ქართული მიწა, რამეთუ “უფალი ერთგულია ყველა თავისი სიტყვითა და საქმით, შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა”.

უფლის მოსიყვარულე და გულმოწყალე სიახლოვეზე აქ, პირველ რიგში, წმიდა კვართი მიგვანიშნებს. კვართის საიდუმლომ, კვართისა, რომელიც “უკერველი და თავით ბოლომდე ნაქსოვი იყო”. დასაბამიდანვე მიიპყრო ქრისტიანთა ყურადღება. პირველი საუკუნეების ეკლესიის მამის, წმიდა კვიპრიანე კართაგენელის თქმით, იესოს განუყოფელი კვართი განასახიერებს “იმ თანხმობას, რომელიც განუყოფლად გვაერთიანებს”, “ერთობას, რომელიც მაღლიდან, ანუ, ზეციერი მამისგანაა მოვლენილი და ვერანაირად ვერ დანაწევრდება უნიტატე, წმიდა კვართი, ერთობის საიდუმლო, მოგვიწოდებს დიდი გულისტკივილით აღვიქვათ ის განხეთქილება,

ისტორიის მანძილზე რომ მოხდა ქრისტიანთა შორის - ეს ხომ სხვა არაფერია, თუ არა ქრისტეს სხეულის დანაწევრება. თუმცა, ამავე დროს, “მაღლით გადმოსული ერთობა” და ქრისტესმიერი სიყვარული, ქრისტესი, რომელმაც ერთად შეგვკრიბა და მხოლოდ თავისი სამოსი კი არა, თავისი სხეულიც მოგვიძღვნა, მოგვიწოდებენ გული არ გავიტეხოთ და, უფლის მაგალითისამებრ, ჩვენც ვუძღვნათ ჩვენი თავი ღმერთს, გვიბიძგებენ, რათა, ძმური ქრისტიანული სულისკვეთებით აღვსილებმა, ვიღვაწოთ გულწრფელი სიყვარულის, ურთიერთგაგებისა და დანაწევრებული სხეულის გამთლიანებისათვის. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე მოითხოვს მოთმინებით სავალ გზას, რომელიც მეორე ადამიანისადმი ნდობითა და თავმდაბლობით, მაგრამ უშიშრად და თამამად, ქრისტიანულ იმედში წინასწარ ნაგემი სიხარულითა და თავდაჯერებით უნდა განვლოთ. ეს იმედი გვინერგავს იმის რწმენის, რომ დაპირისპირებებს მოევლება, წინაღობანი დაიძლევა. არასოდეს არ უნდა ვიუაროთ შეხვედრა და საუბარი, უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ უკვე არსებული. მეიმედება, მაგალითად, ერთობლივი საერთაშორისო კომისიის ფარგლებში მიმდინარე დიალოგისა და ურთიერთგაცვლის სხვა ნაყოფიერი შესაძლებლობებისა. წმიდა კვიპრიანე იმასაც ამბობდა, რომ ქრისტეს კვართი “ერთიანი, განუყოფელი, უკერველი, განასახიერებს განუყოფელ ერთობას ჩვენი ხალხისა, ჩვენი, ვინც ქრისტეთი ვართ შემოსილნი”. პავლე მოციქულიც ხომ გვიდასტურებს – ქრისტეში მონათლულნი ქრისტეთი შეიმოსნენ. ამიტომაც, მიუხედავად ჩვენ-ჩვენი თავისებურებებისა და, აქედან გამომდინარე, ისტორიულ-კულტურული განსხვავებებისა, მოწოდებულნი ვართ ვიყოთ “ერთნი ქრისტე იესოში” და წინა პლანზე არ წამოვწიოთ მონათლულთა შორის არსებული უთანხმოებანი თუ დაყოფანი, რადგან მართლაც ბევრად მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვაშორებს. ამ საპატრიარქო ტაძარში ჩვენი უამრავი ძმა და და იღებს ნათლობას, რომელიც ქართულ ენაში შესანიშნავად გამოხატავს ქრისტეში მიღებულ ახალ სიცოცხლეს, მიგვანიშნებს რა იმ ნათელზე, რომელიც აზრს ანიჭებს ყველაფერს, რადგან წყვდიადიდან გამოვყავართ. ქართულად ხომ სიტყვა “განათლებაც” იგივე ფუძიდან მომდინარეობს და, ამდენად მჭიდროდ უკავშირდება ნათლობას. ასე რომ, ენის კეთილშობილებას ქრისტიანული ცხოვრების სილამაზესთან მივყავართ, ქრისტიანული ცხოვრებისა, რომელიც, იმთავითვე ნათელმოსილი, ასეთივე დაჩება თუ სიკეთის ნათელს შეინარჩუნებს და განაგდებს ბოროტების წყვდიადს; თუ, საკუთარი ფესვების ერთგული, არ აჰყვება კარჩაკეტილობის ცდუნებას, ცხოვრებას რომ აბნელებს, არამედ დარჩება მიღებისა და სწავლისადმი განწყობილი, რათა გაბრწყინდეს ყოველივე იმით, რაც მშვენიერი და ჭეშმარიტია. დაე, ქართველი ერის ნათელმოსილმა საუნჯემ აღიარება და დაფასება ჰპოვოს; დაე, სულ უფრო უკეთ შევძლოთ ღმერთის მიერ თითოეული ჩვენგანისათვის ნაბოძები საგანძურის ურთიერთგაზიარება, რათა ორმხრივ გავმდიდრდეთ და ერთურთის თანადგომით გავიზარდოთ სიკეთეში! მთელი სულით და გულით გპირდებით, რომ ვილოცებ, რათა უფალმა, ყოველივეს განმაახლებელმა, წმიდა მოციქული ძმების – პეტრესა და ანდრიას, მოწამეთა და ყველა წმინდანის შუამდგომლობით, განამრავლოს სიყვარული ქრისტეს მორწმუნეთა შორის და განმგვამტკიცოს ყოველივე იმის ძიებაში, რაც დაგვაახლოვებს, შეგვარიგებს და გაგვაერთიანებს. დაე, ყველა დონეზე გაძლიერდეს ძმობა და თანამშრომლობა. დაე, ლოცვამ და სიყვარულმა სულ უფრო ძლიერ შეგვაგრძნობინოს უფლის სევდიანი ნატვრა მათ მიმართ, ვისაც სწამს უფალი მოციქულთა სიტყვის მეშვეობით: “რაითა ყოველნი ერთ იყვნენ”, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.