პრეზიდენტის დასახვედრად მისულ ზაზა უგულავას დაპირისპირება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ფოთის განყოფილების უფროს ნიკო სურმავასთან და პრეზიდენტის დაცვასთან მოუხდა.
კამათისას, ზაზა უგულავამ ეტლი, რომელშიც იჯდა ვეღარ დაიმორჩილა და გადაბრუნდა. უგულავა საავადმყოფოს ეზოში, გზის ნაპირზე იდგა, სადაც პრეზიდენტს უნდა გაევლო. ნიკო სურმავა და დაცვის თანამშრომლები მისგან უკანდახევას ითხოვდნენ. უგულავა კი ითხოვდა არ ჩამოფარებოდნენ და პრეზიდენტთან გასაუბრების საშუალება მიეცათ, რომელიც უკვე საავადმყოფოს ეზოში იმყოფებოდა და მოქალაქეებს ესალმებოდა. უგულავასთან პრეზიდენტი მართლაც მივიდა. –„გავაკეთებთ რაც შეგვიძლია“,–განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მისი თხოვნის მოსმენის შემდეგ. ფოთელ ზაზა უგულავას 4 წლის წინ ავტოკატასტროფისას ხერხემალი დაუზიანდა და ვერ გადაადგილდება. როგორც უგულავამ tspress-სთან განაცხადა, სიარული რომ შეძლოს, სასწრაფო ოპერაცია და რეაბილიტაცია სჭირდება, რისთვისაც 50 ათასი აშშ დოლარია საჭირო. მისი თქმით, დახმარება მხოლოდ მერიისაგან აქვს მიღებული ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 100 ლარი და შეშა, რომელსაც შეჭირვებულ მოსახლეობას მერია ზამთარში ურიგებს. |