გია ხუხაშვილი - არჩევითი სტატუსით ღარიბაშვილის ქართულ პოლიტიკაში რეინტეგრაცია ძალიან სასაცილო იქნება და ივანიშვილს ეს მშვენივრად ესმის

გია ხუხაშვილი - არჩევითი სტატუსით ღარიბაშვილის ქართულ პოლიტიკაში რეინტეგრაცია ძალიან სასაცილო იქნება და ივანიშვილს ეს მშვენივრად ესმის

ირაკლი ღარიბაშვილი აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის გარკვეული ”დამოკლეს მახვილია”, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. 
ხუხაშვილი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებს, რომელმაც აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კარგი სათადარიგო ვარიანტია. ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ღარიბაშვილის კანდიდატურასაც მიესალმება.
”ბიძინა ივანიშვილს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ საპრეზიდენტო კანდიდატობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას თავი აარიდა. არჩევითი სტატუსით ღარიბაშვილის ქართულ პოლიტიკაში რეინტეგრაცია, პირადად ჩემთვის, ძალიან სასაცილო იქნება და ივანიშვილს ეს მშვენივრად ესმის. მისი მხოლოდ დანიშვნა შეიძლება, რადგან ამ ადამიანს საკუთარი პოლიტიკური წონა არ აქვს. ამომრჩეველს უნდა ელაპარაკო რაღაც თემებზე, ეს უნარები კი არც არასოდეს ჰქონია ღარიბაშვილს და ვერც ექნება. დანიშვნა შეიძლება და პრინციპში ივანიშვილის პასუხი ასეთიც იყო, რეზერვში მოიაზრა, როგორც დღევანდელი აღმასრულებელი ხელისუფლების საპირწონე. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი გზავნილი იყო - ”ჭვიანად იყავით, თორემ თქვენ გაგიყვანთ და იმას გამოვიყვან” ვიღაცის მიმართ”, - განაცხადა ხუხაშვილმა. 

მისივე თქმით, ღარიბაშვილთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა არ არსებობს, მაგრამ მისი ფაქტორი, როგორც გარკვეული ”დამოკლეს მახვილი” - არის. 

”როგორც ”დამოკლეს მახვილი”, არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ პრინციპში კარგი ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში. ბუნებაში არაფრის გამორიცხვა შეიძლება, თუმცა, არჩევითი გზით ღარიბაშვილის პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია და ჩემთვის ცოტა ღიმილისმომგვრელია და არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს არ ესმოდეს”, - აღნიშნა ხუხაშვილმა.