დავით ბაქრაძე - ჩვენ ავაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც ხალხი ერთმანეთს კი არ შეჭამს, არამედ ექნება შემოსავალი და მაცივარში საჭმელი

დავით ბაქრაძე - ჩვენ ავაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც ხალხი ერთმანეთს კი არ შეჭამს, არამედ ექნება შემოსავალი და მაცივარში საჭმელი

ჩვენ ავაშენებთ იმ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც მოქალაქეებს არ მოატყუებს, ჩვენ ავაშენებთ საზოგადოებას, რომელიც ერთმანეთს კი არ შეჭამს, არამედ ექნება შემოსავალი - მაცივარში ექნება საჭმელი და ერთმანეთს არ დააჭმევინებს მთავრობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, არამედ „ეს არის ბრძოლა საქართველოს გამარჯვებისთვის, თითოელი ოჯახის უკეთ ცხოვრებისთვის“. 

„ყველას მოგვწყინდა მუდმივი გაჭირვება, არაფრის კეთება, გადაბრალება, ხელის სხვისკენ გაშვერა. გახედეთ რა გაუკებიათ 4 წლის განმავლობაში? - მე მგონი, რომ იღრუბლება და წვიმა მოდის, იმასაც ვიღაცას აბრალებენ - ჩვენ გვაბრალებენ...

ამ მთავრობის დამსახურება არაფერი არ არის. და იმ კლიპშიც კი, რომელიც გადაიღეს „ჩვენი საქართველო აქ არისო“, მათი არის მარტო დრონი და მათი გაღიმებული სახეები. იმ კლიპში ჩანს ჩვენი საქართველო, რომელსაც ღმერთმა ასე უხვად მისცა სილამაზე, ჩანს ჩვენი აშენებული გზები და ქალაქები. ამიტომ მინდა ყველას ვუთხრა, მე არ ვიცი, სადაა მთავრობის საქართველო, მაგრამ აქ ჩვენი საქართველოა, ის ქვეყანა, რომლის შენებაც დავიწყეთ 2004 წელს, სადაც არც გზა იყო, არც შუქი, არც პენსია... აი, ეს იყო 2004 წელს ჩვენი საქართველო და ის ჩვენ 2012 წლამდე ფეხზე დავაყენეთ. ამ ჩვენს საქართველოს დღეს ფეხზე დაყენება და შველა ისევ სჭირდება და მას 8 ოქტომბერს ისევ ვუშველით, ისევ ფეხზე დავაყენებთ და ისევ წინ წავიყვანთ. მე მჯერა ჩვენი გამარჯვების“, - მიმართა ბაქრაძემ მხარდამჭერებს.

მისივე შეფასებით, 8 ოქტომბერს წყდება არა რომელიმა პარტიის ბედი, არამედ ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ბედი. 

„ხალხის განწყობაა ასეთია: „როგორ მოგვატყუეს, მოგვაშორეთ“. 12 დღეში უარს ვეტყვით ტყუილს, არაფრის კეთებას, დაპირისპირებას, ხალხზე დაბრალებას ცუდი ცხოვრების და ავირჩევთ წინ წასულ, ფეხზე დამდგარ, უკეთეს საქართველოს“, - აღნიშნა ბაქრაძემ.