კობა ნაყოფია სკანდალში ეხვევა – საეჭვო პრივატიზაცია და მაღალჩინოსნებისთვის გადარიცხული ასი ათასობით ლარი

კობა ნაყოფია სკანდალში ეხვევა – საეჭვო პრივატიზაცია და მაღალჩინოსნებისთვის გადარიცხული ასი ათასობით ლარი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ნაყოფია სკანდალში ეხვევა. გაზეთი „პრაიმტაიმი“ 2005 წელს „მადნეულისა“ და „კვარციტის“ პრივატიზაციის საეჭვო გარემოებებზე წერს. გაზეთი აქვეყნებს დოკუმენტებს, რომლითაც ირკვევა, რომ პრივატიზაციის შემდეგ ეკონომიკის ყოფილი მინისტრები – ირაკლი ჩოგოვაძე და გიორგი არველაძე ამავე საწარმიების სამეთვალყურეო საბჭოში დაინიშნენ და მათ ანგარიშზე კობა ნაყოფიას კომპანიამ ასი ათასობით ლარი გადარიცხა.

კანონი საჯარო სამსახურის შესახებ (მუხლი 65) აწესებს სამსახურში შესვლის კონკრეტულ შეზღუდვებს, მათ შორის: „განთავისუფლებული სახელმწიფო მოსამსახურე განთავისუფლების დღიდან 3 წლის მანძილზე არ შეიძლება სამსახურში შევიდეს იმ დაწესებულებაში, ან ეწეოდეს საქმიანობას იმ საწარმოში, რომელსაც იგი უკანასკნელი 3 წლის მანძილზე სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად. ამ ხნის განმავლობაში მას, აგრეთვე, არ აქვს უფლება, ასეთი დაწესებულებიდან, ან საწარმოდან მიიღოს შემოსავალი“.

„მადნეულისა“ და „კვარციტის“ პრივატიზაცია ეკონომიკის სამინისტრომ 2005 წლის 1-ელ ნოემბერს განახორციელა. ამ პერიოდში უწყებას ირაკლი ჩოგოვაძე ხელმძღვანელობდა. 2006 წლის 10 ნოემბერს ჩოგოვაძემ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა, ცოტა ხანში კი ის „მადნეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს საპატიო თანათავმჯდომარედ დაინიშნა. ნაყოფიას კომპანიამ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს 2007-2008 წლებში ხელფასის სახით 748 ათასი ლარი ჩაურიცხა. არადა ჩვენ მიერ ზემომოყვანილი კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ ჩოგოვაძეს პირდაპირ უკრძალავდა მის მიერ პრივატიზებულ საწარმოში დასაქმებას და რაიმე სახის შემოსავლის მიღებას. „პრაიმტაიმის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტით ირკვევა ისიც, რომ ჩოგოვაძის სახელზე „მადნეულმა“ სპეციალური ბრძანებით მაღალი კლასის ავტომობილი „ფოლცვაგენ ტოუარჯიც“ გამოყო სახელმწიფო ნომრით – AAA-076.

2006 წლის ნოემბერში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ჩოგოვაძე გიორგი არველაძემ შეცვალა, შესაბამისად, ახალი მინისტრი გახდა პასუხისმგებელი იმაზე, როგორ შეასრულებდა გამარჯვებული კომპანია აღებულ ვალდებულებებს. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან 2008 წლის თებერვალში განთავისუფლებული გიორგი არველაძეც ნაყოფიას კომპანიაში აღმოჩნდა, კერძოდ, 2008 წელს ის ფიქსირდება „კვარციტის“ სამეთვალყურეო საბჭოში საპატიო თავმჯდომარის პოზიციაზე. მას, ხელფასის სახით, საერთო ჯამში, 281 599 ლარი ჩაერიცხა.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამ თემაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრები – ირაკლი ჩოგოვაძე და გიორგი არველაძე. ჰქონდა თუ არა მართლაც ადგილი კორუფციულ გარიგებას? სამწუხაროდ, გიორგი არველაძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, ის საქართველოში არ იმყოფება. ირაკლი ჩოგოვაძე კი გამოცემას მცირე სატელეფონო ინტერვიუზე დათანხმდა:

– როცა მინისტრი ვიყავი, ძალიან ბევრი საწარმოს პრივატიზაცია მოვახდინე. ამით ვარ ამაყი, რადგან ჩემი მენტორი და მასწავლებელი იყო ბატონი კახა ბენდუქიძე. ამის შემდეგ მე გახლდით ძალიან ბევრი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში.

– მათ შორის „მადნეულშიც“ ხომ?

– მათ შორის „მადნეულშიც“ და არამხოლოდ იქ.

– თუმცა კანონი საჯარო სამსახურის შესახებ გიკრძალავდათ თქვენს მიერვე პრივატიზებულ საწარმოში მომდევნო 3 წლის განმავლობაში მუშაობას…

– მაშინ არაფერი არ იკრძალებოდა. ეს აკრძალვა არ არსებობდა.

– ეკონომიკის მინისტრი, რომელმაც კონკრეტული საწარმო გაყიდა, თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ ამავე საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში დასაქმდა და საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებაც მიიღო, ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 400 ათასი ლარი… როგორ ფიქრობთ, ეს არ აჩენს ეჭვებს პრივატიზაციის კანონიერებასთან დაკავშირებით?

– ძალიან კარგი შეკითხვაა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით: ჩემი მინისტრობის დროს მოხდა დაახლოებით 70 პროცენტი საქართველოს ეკონომიკის პრივატიზაცია. მე ვარ ამაყი ამით. მე ვარ კახა ბენდუქიძის მოწაფე. ყველა კონკრეტული შემთხვევა შემიძლია დავადასტურო და დავამტკიცო, რატომ სჯობდა სხვას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში 8 მილიონით მეტი გადაიხადა გამარჯვებულმა.

– გასაგებია, მაგრამ, როგორც მინიმუმ, უხერხულობას არ ქმნის ის გარემოება, რომ მინისტრის პოსტის დატოვებისთანავე თქვენ „მადნეულში“ აღმოჩნდით?

– მესმის თქვენი დაინტერესება. აბსოლუტურად მართებული კითხვაა, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემს სინდისთან და ნამუსთან აბსოლუტურად მართალი ვარ.

– კანონთან?

– რა თქმა უნდა და მთავარია, რომ მართალი ვარ კანონის წინაშე.