”ქართული ოცნების” პროცენტი პირადად ბიძინა ივანიშვილის პროცენტია, - ასე გამოეხმაურა ”რესპუბლიკელი” დავით ზურაბიშვილი ”ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს კახა კალაძეს, რომელმაც ”რესპუბლიკურ პარტიას“ ”ნულპროცენტიანი“ უწოდა.
“პარტიის პროცენტებს არჩევნებზე ითვლიან, ისევე როგორც წიწილებს - შემოდგომაზე. ვინ რამდენპროცენტია, ამას არჩევნების შემდეგ ვნახავთ. ”ქართული ოცნების” პროცენტი პირადად ბიძინა ივანიშვილის პროცენტია. წარმოვიდგინოთ ”ქართული ოცნების” გუნდი: კალაძე, კვირიკაშვილი და ყველა დანარჩენი დეპუტატების ჩათვლით, ბიძინა ივანიშვილის გარეშე და ვნახოთ, რამდენი პროცენტი ექნებათ მათ”, - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბიშვილმა.
კალაძე დღეს მეწარმეებისადმი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიმართვას გამოეხმაურა და ”რესპუბლიკურ პარტიას“ ”ნულპროცენტიანი“ უწოდა.
„0,3%-იანი პარტიის აბსურდულ განცხადებაზე, ვფიქრობ, პასუხის გაცემა არ არის მიზანშეწონილი“, - აღნიშნა კალაძემ ”რუსთავი 2“-თან საუბარში.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მეწარმეებს თხოვნით მიმართავს, აღარასდროს გააკეთონ პოლიტიკური არჩევანი ”პოლიტ კორექტულობის” გადმოსახედიდან. პარლამენტის თავმჯდომარე მეწარმეებისადმი განცხადებაში ამბობს, რომ ბიზნესმენებმა ხმა უნდა მისცენ იმ პარტიას და ლიდერს, ვინც ყველაზე უკეთ ეხმიანება არა დღევანდელ ბიზნესინტერესებს, არამედ ხვალინდელ მშობლიურ ინტერესებს.