25 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი დევნილთა საკითხებში ჩალოკა ბეიანი ეწვევა.
გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის ცნობით, ვიზიტის მიზანი დევნილთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შეფასებაა.
ჩალოკა ბეიანი შეაფასებს რამდენად შესრულდა რეკომენდაციები, რომელსაც 2014 წელს, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოსთვის მომზადებული მისი ანგარიში მოიცავს.
„ვიზიტის დროს შევაფასებ პროგრესს დევნილთა დაცვისა და დახმარების გაწევის სფეროში, შევაფასებ მიმდინარე პრობლემებს და შესაძლებლობებს საქართველოში გრძელვადიანი გადაწყვეტილებებისთვის. კერძოდ, დევნილთა ინტეგრაცია საჭიროებს განვითარების უფრო ფართო გეგმებს და ინიციატივებს“, - განაცხადა გაერო-ს მომხსენებელმა.
მისი თქმით, დევნილთა ის ნაწილი, რომელმაც აფხაზეთში დაბრუნება შეძლო, კვლავ აწყდება პრობლემებს, რომელიც დაკავშირებულია დოკუმენტების მიღებასთან და გადაადგილების თავისუფლებასთან.
ჩალოკა ბეიანის ვიზიტი საქართველოში 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.