ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოში წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის სამდღიან ვიზიტის შედეგებს აჯამებს და განცხადებას ავრცელებს.
საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ დამკვირვებლები აღნიშნავენ გაუმჯობესებულ წინასაარჩევნო გარემოს და მოუწოდებენ ყველა მხარეს პროვოკაციების არიდებისკენ.
განცხადების თანახმად, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანლ-ვალტერ შტაინმაიერმა ესპანელი დეპუტატი იგნასიო სანჩეს ამორი დანიშნა სპეციალურ კოორდინატორად, რომელიც უხელმძღვანელებს ეუთო-ს მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიას. ხოლო იტალიელი დეპუტატი გულიელმო პიკი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას უხელმძღვანელებს, რომელიც ეუთო-ს 17 ქვეყნიდან 40 დამკვირვებლისგან შედგება.
„მოხარული ვარ, რომ ქართული პოლიტიკა როგორც ყოველთვის, აქტიურია, მთელი რიგი პარტიით, რომელიც საჯაროდ განიხილავს საკუთარ პლატფორმებს და ამომრჩევლის ხმისთვის ეჯიბრება ერთმანეთს. თითქმის ყველა, ვისაც შევხვდით, აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უფრო თავისუფალი და ღიაა, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნების დროს. ვიმედოვნებ, რომ ეს გაგრძელდება. არჩევნების შეფასებაში გათვალისწინებული იქნება მოვლენების ყველანაირი განვითარება“, - აცხადებს სანჩეს ამორი.
განცხადების თანახმად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს პარტიებს შორის აქტიურ კონკურენციას, საუბარია როგორც იმ პარტიებზე, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას დიდიხანია ეწევიან, ისე ახალ ძალებზე საქართველოს პოლიტიკურ არენაზე.
„მაშინ როცა შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს საარჩევნო გარემოს პოლარიზება, აღნიშნული იყო ისიც, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დაძაბულობის დონე უფრო დაბალია. დელეგაციამ გაითვალისწინა მიწოდებული ინფორმაცია დაშინების და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მომხდარი დარღვევების ფაქტებზე და მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება. ასევე მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, წინასაარჩევნოდ მომხდარი ინციდენტების გასაჩივრებისთვის და გამოძიებისთვის, მიმართონ ოფიციალურ პროცედურებს“, - ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.
„ყველა ვისაც შევხვდით, მიესალმებოდა 2012 წლის არჩევნების შემდეგ მომხდარ დიდ ცვლილებებს, რომელიც დაკავშირებულია წინასაარჩევნო გარემოსთან. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მომავალზე მსჯელობის შესაძლებლობა სრულად იქნება გამოყენებული. ამ ქვეყანას კვლავ აქვს ბევრი პრობლემა, ამიტომ პოლიტიკოსებმა თავი უნდა აარიდონ დაძაბულობის ზრდას და, პირიქით, ამომრჩეველს წარუდგინონ რეალური, წინდახედული ვარიანტები“, - აცხადებს გილიელმო პიკი.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადების თანახმად, წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ მოიწონა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობისადმი არსებული ზოგადი ნდობა. მისია ხაზს უსვამს, რომ დამკვირვებლები დიდი ყურადღებით დააკვირდებიან საოლქო და სამხარეო სააარჩევნო კომისიების მუშაობას, განსაკუთრებით არჩევნების დღეს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინსაარჩევნო სადამკვირვებლო მისია ასევე შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკურენტი ძალების მხრიდან მკაცრმა რიტორიკამ არჩევნების გამართვის თაობაზე შესაძლოა სისტემისადმი საზოგადოების ნდობას ძირი გამოუთხაროს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ჯგუფების აქტიური მუშაობა საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვან კონტრიბუციას წარმოადგენს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიტიზის ფარგლებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, ცესკო-ს წევრებს, ძირითადი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიდან (OSCE/ODIHR), ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეციალური კოორდინატორი სანჩეს ამორი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს და ასევე, ასამბლეაში ესპანური დელეგაციის თავმჯდომარეა.
თავის მხრივ გულიელმო პიკი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.