პირდაპირი მინიშნება, რომ 2 კვირაში არჩევნებია, ბიზნესმენებმა რა უნდა გააკეთონ, როგორ იაქტიურონ, არასწორია

პირდაპირი მინიშნება, რომ 2 კვირაში არჩევნებია, ბიზნესმენებმა რა უნდა გააკეთონ, როგორ იაქტიურონ, არასწორია

ეს იგივეა, მე რომ წავიდე, შევხვდე იურისტებს და ყველას მივმართო - მე რომ გეუბნებით ეს არის კარგი და სწორი და თქვენ იურისტებო, რატომ არ აქტიურობთო, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ”ტვ პირველის” ეთერში დღეს ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით გამართული ეკონომიკური ფორუმი, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის და ბიზესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, მან იცის და სმენია ამ ტიპის შეხვედრების დანიშნულება და მიზანი.

”აქ ვხედავ ერთ ნაწილს, რომელიც არის ძალიან კარგი და სასურველი, როდესაც ბიზნესწრეები შეიკრიბებიან და საჯაროდ იმსჯელებენ ქვეყნის მომავალზე და საჭიროებებზე, რადგან ბიზნესმენები არიან ამ ქვეყნის წინსვლის ყველაზე უფრო მეტი შემოქმედნი და ამიტომ თუ შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, კარგია. მეორე ასპექტი არის ის, რომ თუ ბიზნესმენთა შეკრებისას ვინმე ერთი ბიზნესმენი - დღეს ივანიშვილი, ხვალ ხარატიშვილი და ზეგ ტრაპაიძე და ა.შ. რაღაცნაირად თავს უფლებას მისცემს, რომ იყოს ყველაზე უფრო დიდი ქართველი, ყველაზე უფრო დიდი ბიზნესმენი, ყველაზე უფრო დიდი და ყველაზე უფრო სწორი და სხვებს მოუწოდებს, რომ აი, თქვენც ჩემსავით, ჩემნაირად და ჩემი მიმართულებით რატომ არ მოდიხართ ან არ მიდიხართ - ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები ამ მოვლენას”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, რა როლშიც არ უნდა ყოფილიყო დღევანდელ შეხვედრაზე ივანიშვილი და რა სტატუსიც არ უნდა ჰქონოდა - პოლიტიკური ლიდერის, თუ ბიზნესმენის, ბიზნესწრეებთან შეხვედრა და მოწოდება, რომ ყველა ერთი გზით წავიდეს, არასწორია.

”ეს იგივეა, მე რომ წავიდე, ხვალ შევხვდე იურისტებს და ყველას მივმართო- მე რომ გეუბნებით, ეს არის კარგი და სწორი, თქვენ იურისტებო, რატომ არ აქტიურობთ, რომ ქვეყანა სწორად წავიდეს, ანუ ჩემსკენ წავიდეს”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თავადაც გამოსულა ბიზნესასოციაციების შეხვედრაზე, მაგრამ მათთვის არ უთქვამს, რა არის სწორი, რას უნდა დაუჭირონ, ან არ დაუჭირონ მხარი.

”ბიზნესმენებთან შეხვედრები პოლიტიკოსების, თავად ბიზნესწრეების არის კარგი, მაგრამ მათ მიმართ ამ ფორმით, ღია და პირდაპირი მინიშნება, რომ ორ კვირაში არჩევნების დრო რომ მოდის, მათ რა უნდა გააკეთონ და რა არის სწორი, როგორ უნდა იაქტიურონ, მათ შორის, თანამშრომლებთან მეტი უნდა განმარტონ, ეს არის არასწორი”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე შეფასებით, ეს იყო კიდევ ერთი ნაბიჯი იმ არასწორი მიმართულებით, რასაც ჰქვია მონოპოლიზაციის სურვილი პოლიტიკაში.

”მონოპოლიზაციის სურვილი პოლიტიკაში მდგომარეობს იმაში, რომ ერთი პარტიაა მხოლოდ კარგი და სხვები არც ერთი არ ვარგა. ეს იყო კიდევ ერთი ნაბიჯი იმ არასწორი მიმართულებით, რაც კარგს არ მოუტანს ქვეყანას”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ”რესპუბლიკური პარტიის” ანგარიშზე არც ერთ ბიზნესმენს არც ერთი თეთრი არ შეუტანია.

”თუ ვინმე ჩათვლის, რომ ”რესპუბლიკური პარტიაც” და არა მხოლოდ ის, სჭირდება ქართულ პოლიტიკას, მათ იციან, როგორ უნდა დაგვეხმარონ. ამის იქეთ მე არ წავალ. ის ადამიანები ისეთივე მოქალაქეები არიან, ისეთივე პასუხისმგებლობა აქვთ ამ ქვეყნის წინაშე, როგორც მე. ისინი ვერ იქნებოდნენ წარმატებული ბიზნესმენები, რომ არ ჰქონდეთ საკუთარი განსჯისა და ანალიზის უნარი, ამიტომ დღეს ვინც რასაც თვლის სწორად და საჭიროდ, ის გააკეთოს. ეს არის ჩემი აზრით, სწორი დამოკიდებულება პოლიტიკოსებსა და ბიზნესს შორის”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.