გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ ველისციხეში კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ახალი ქარხანა გახსნა

გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ ველისციხეში კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ახალი ქარხანა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ ველისციხეში კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ახალი ქარხანა გახსნა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, კახეთში მეღვინეობის განვითარება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

"მინდა გავიხსენო 21 წლის წინ, 1995 წელს 10 ქართველი ახალგაზრდა ბანკირი შეარჩიეს და წაგვიყვანეს კალიფორნიაში. იქ გვქონდა სასოფლო-სამეურნეო დაკრედიტების მიმართულებით ლექციები და კურსი. მახსოვს, რომ როდესაც მოვინახულეთ იქ ძალიან ცნობილი კალიფორნიული ბრენდების მუზეუმი, სახლები, სადაც იყო როგორც ღვინის ქარხანა, ასევე მაღაზიები, ასევე გამოფენა. სულ ვფიქრობდი, რომ ალბათ საქართველო მოესწრება ისეთ დღეს, როდესაც საქართველოშიც ამის მსგავსი რაღაც ჩამოყალიბდება თქო. ძალიან მიხარია, როდესაც საქართველოში არის, დრო როდესაც იქმნება ანალოგიური  გარეგნული იერსახე, თორემ შინაარსი საქართველოს მეღვინეობას ყოველთვის ჰქონდა. ღრმა და გაცილებით უფრო ღრმა, ვიდრე ბევრ ქვეყანას. საქართველო ცნობილია, როგორც მეღვინეობის აკვანი, და ნამდვილად საამაყოა, რომ „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ ზურა ჩხაიძის მეთაურობით,  აკეთებს ასეთ მამულიშვილურ პროექტებს მე არ შემეშინდება ამ სიტყვის. მართლაც მამულიშვილური პროექტია, როცა გადახედავ ამ მიდამოს და დაინახავ ტრადიციებით მოწყობილ ღვინის ქარხანას. დღეს უკვე გაიხსნა ახალი სპირტის სახდელი საწარმო, რომელიც იმუშავებს უპირველეს ყოვლისა იმისათვის, რომ საქართველოში შეიქმნას დოვლათი და აქ საქართველოს მოსახლეობა დასაქმდება.  ეს კიდევ ბევრ მევენახეს მისცემს სტიმულს, რომ გააშენოს ვენახი, მოიყვანოს თანამედროვე სტანდარტებით, მაღალი ხარისხის ყურძენი და შემდეგ რეალიზება მოახდინოს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიზნესმენ ზურაბ ჩხაიძეს და აღნიშნა, რომ ახალი საწარმოების გახსნა ქვეყნის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილია.

„ეს არის მერვე საწარმო რამდენადც მე ვიცი, აქედან 5 მეღვნეობის, არის კიდევ მეხილეობის საკონსერვო  მეურნეობები,  ეს ძალიან დიდი საქმეა. მადლობა ამისათვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ ის პროექტები, რომელიც ჩვენ გვაქვს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიმართულებით, სწორად აღნიშნა ბატონმა ზურაბმა, რომ პროექტები, რომელიც 2012 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და სოფლის მეურნეობის აღორძინების მიმართულებით, სახეზეა. დღეს არის ქართველი კაცი მობრუნებული სოფლისკენ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვიცი, რომელიც დაბრუნდა სოფლად. სხვადასხვა სახის საწარმოებს ხსნიან, ეს არის მეღვინეობის, მეცხოველეობის მიმართულებით გადამამუშავებელი წარმოებები და ეს პროცესი გაგრძელდება აუცილებლად და ამ პროცესს ატლერნატივა არ აქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის მიმართულებით ექსპორტი იზრდება, რუსეთის ბაზარიც გახსნილია და წელს იგეგმება 2 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. 

„დიდი კმაყოფილებით შემიძლია აღვნიშნო, რომ ევროპასთან მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი, რომლის ნაწილიც არის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, ევროპის მიმართულებით ექსპორტი იზრდება, რუსეთის ბაზარი გაიხსნა რაც სასიხარულოა, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი ბაზარი ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე სასიხარულოა, რომ წელს ჩვენ ვგეგმავდით 2 მილიონი ბოთლის ექსპორტს ჩინეთის ბაზარზე. ჩინეთის მიმართულებით 10-მდე ქართული ღვინის მაღაზია გავხსენით და რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს, 8 თვის მონაცემებით მილიონ ნახევარ ბოთლზე ავედით ჩინეთის ბაზარზე.  ჩვენ თავისუფლად შესაძლებელია, რომ წლევანდელი წელი ოთხ, ოთხ ნახევარი მილიონი ბოთლით თავისუფლად დავასრულოთ. ეს კი უკვე არის ფაქტობრივად 20-30% იმისა, რაც ჩვენ რუსეთის ბაზარზე გაგვაქვს, ანუ 14 მილიონი ბოთლი გადის რუსეთის ბაზარზე და ეს სერიოზული დივერსიფიკაციის ნიშანია, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო ხდება ნამდვილად საექსპორტო ქვეყანა, რითიც ჩვენ ნამდვილად უნდა ვიამაყოთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა ექნება სოფლის მეურნეობის განვითარებას.

„მადლობა „საქართველოს ბანკს“ და მათი სახით საბანკო სექტორს, რომელმაც აიტაცა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და რომელმაც ნამდვილად სრული ტემპი და სრული ალღო აუღო ამ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას. ასევე მნიშვნელოვანია, ის მიკროგრანტების პროგრამაც, რომელიც ამ ქარხნის მომმარაგებელ მცირე მეურნეობებს ეხმარება, რაც ასევე გაგრძელდება საქართველოში. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მადლობა ზურაბ ჩხაიძეს უდიდესი საქმისთვის და მინდა ვუთხრა ყველა საქმიან ადამიანს, ყველა მცირე მეწარმეს ყველა მსხვილ ბიზნესმენს, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას, უდიდესი მხარდაჭერა იქნება სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ადგილობრივი საწარმოო პოტენციალის აღდგენის და გაძლიერების მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.