კახა კალაძე:

კახა კალაძე: "ქართული ოცნება" მოაგვარებს ყველა პრობლემას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილის ლიდერობით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

წნორში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რათა  ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა მოგვარდეს.

„მადლობას მოგახსენებთ თითოეულ თქვენთაგანს დღეს აქ მობრძანებისთვის, მე არ შემიძლია არ შევეხო იმ ემოციებს, რომელიც ბატონ გიორგის ჰქონდა სიტყვის დაწყების წინ. მე ძალიან კარგად მესმის მისი, თუ რამდენად დიდ ემოციებს იწვევს ის, რომ გამოდიხარ სიტყვით იმ კუთხეში, სადაც დაიბადე და გაიზარდე. იმ ადამიანების წინაშე, რომელიც შენი სისხლი, ხორცი და გენია. მე ძალიან კარგად მესმის ეს ყველაფერი. მინდა თქვენ, თქვენს კუთხეს  ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ, რომ ჩვენს ქვეყანას აჩუქეთ ისეთი ადამიანი, როგორიც გახლავთ გიორგი კვირიკაშვილი. ყოველგვარი პირფერობის გარეშე, თავისი ადამიანურობით, ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია სიკეთის კეთებით და იმ გუნდით, რომელიც წარმოდგენილია "ქართული ოცნების" სახით, ჩვენი ლიდერის ხელმძღვანელობით, გიორგი კვირიკაშვილის სახით, ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანაში, ქალაქებში, რეგიონებში, სოფლებში, მცხოვრებ ადამიანებს, იქნება მოგვარებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაკეთდება ეტაპობრივად" , - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" გუნდს კარგად ესმის, დარგების მიხედვით რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი.

"თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილი იმით, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთეთ და მოვახერხეთ. კი გვესმის, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ბევრი რეფორმა განხორციელდა სხვადასხვა დარგების მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კარგად ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ზუსტად თქვენი დახმარებით, სრულიად საქართველოს დახმარებით, ყველას ჩართულობით, ჩვენ შეგვიძლია ერთად მოვაგვაროთ.

მნიშვნელოვანია, მივიდეთ ყველა საარჩევნო უბანზე და მივიღოთ გადაწყვეტილება: თავისუფლება, ქვეყნის სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ გუნდს, ერთადერთ ძალას ქვეყანაში და ეს არის პარტია "ქართული ოცნება" გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით.

მე მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენ 8 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია "ქართული ოცნების" გამარჯვება პირდაპირ კავშირშია საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასთან. მინდა გისურვოთ წარმატებები და მინდა გისურვოთ ყოველი დილა, რომელიც გვითენდება, თითოეული ჩვენთაგანისთვის იყოს ბედნიერი" , - განაცხადა კახა კალაძემ.